საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
“წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დაარეგისტრირეს თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მ2 მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულების მიერ მოძიებულ იქნა მიწის ნაკვეთის ახალი შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მათი დაკავება.
გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 000 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.