სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები, ქართველი პროფესორი სულის შემძვრელ წერილის ავრცელებს, რომელსაც EMIGRANTEBI.ORG -ი უცვლელად გთავაზობთ.
ჩვენს ქუჩაზე ლტოლვილები მოვიდნენ
სტუმრები ჩამოვიდნენ უკრაინიდან. გვიან ჩამოვიდნენ. შუაღამეს ჩარექზე მეტით იყო გადაცილებული, მანქანამ რომ შემოუხვია და ჩვენი ქუჩის შუაში გაჩერდა.
სულ რაღაც ორასიოდე მეტრის სიგრძისაა ჩვენი ქუჩა. ქალაქის განაპირას ვცხოვრობთ. ქუჩა დამამშვიდებლად წყნარია. მეზობლები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. დამოკიდებულება ისეთი თბილია, ჩემი ქვეყნის რომელიმე სოფელში მგონია თავი. სოფლური სიტუაცია უფროა, – თავისი გადაპატიჟება-გემრიელი რაღაცეების მოკითხვებით, – ვიდრე ქალაქური.
გავედი. ზოგი მეზობელი აივანს მოადგა. ზოგი ქუჩაში გამოვიდა.
მანქანიდან ორი ახალგაზრდა ქალი და ხუთი ბავშვი ჩამოვიდა.
მივესალმე სტუმრებს. მიკროავტობუსის მძღოლსაც ვიცნობდი და მის დამხმარესაც. იდგნენ ჩვენს შუა უკრაინიდან ომს და დაბომბვებს გამოქცეული ბავშვები და მათი დედები – დედები, რომლებმაც, „რომ არა შვილები, ქმრებთან უფრო გვინდოდა დარჩენა, ომში წავეხმარებოდითო“.
პატარები ისეთი დაღლილები არიან, ზეზეულად სძინავთ.
– გუშინწინ გელოდით. ასე თქვეს მეზობლებმა – გავუღიმე სტუმრებს. ღმერთო, რომ არ ვიცი რითი დავამშვიდო ლტოლვილები?! ჩემს სოფელში აფხაზეთიდან პირველი ლტოლვილები რომ გამოჩდნენ, ვახერხებდი საუბარს. მაშინ ყველანი გაჭირვებულები ვიყავით, შიმშილის ზღურბლზე ვიდექით. დედაჩემი და მეზობლები შემოფარებულების დანგრეულ და გადამწვარ სახლებზე და, ვინ იცის საიდან ჩამოთრეული მანქურთების მიერ ჩვენი სისხლის და ხორცის ეზო-გარემოს წაგლეჯვაზე მოთქვამდნენ. მაინც ვახერხებდი ჩვენი ლტოლვილებისთვის იმედიანად მეთქვა, ცოტაც და ყველანი, ყველანი დავბრუნდებით, თქვენთან ვიქეიფებთ სოხუმში-მეთქი.
– გუშინწინ ვერ ჩამოვიდოდით, – მეუბნება ერთი სტუმარი. მარჯვენა ხელით პატარა, ასე შვიდიოდე წლის ბიჭს იხუტებს. მარცხენა ხელით მოზრდილი გოგონას ხელი უკავია. – უკრაინიდან რომ გადმოვედით ვიღაცამ ხელჩანთა მომპარა. აი ასე, ხელჩანთა შემაჭრა. ვერაფერი გავიგე…
ქალის ხმა აღარ მესმოდა. ვხედავდი, პირგამეხებულ ახალგაზრდა ქალს, ზურგზე უზარმაზარი ზურგჩანთით, ერთ ხელით დიდი ჩანთა უჭირავს. ჩანთა მძიმეა, მეორე სახელურს მისი 14 წლის გოგონა ჩაბღაუჭებია და ცდილობს დედას არ ჩამორჩეს. გოგონა მეორე ხელში შედარებით მომცრო ჩემოდანს მოაგორებს. ქალი მეორე ხელით საგორავ ჩემოდანს მოაგორებს, რომლის სიმძიმეს მასზე შემოსმული ბიჭუნა კიდევ უფრო ამძიმებს. ვხედავ, გაჭირვებაში ჩავარდნილ ქალს უკნიდან უახლოვდება უცნობი ახალგაზრდა. შეიძლება სულაც არაა ახალგაზრდა, შორიდან რას გაარჩევ. იცის მიპარვით მიახლოებულმა არამზადამ, ესენი ლტოლვილები არიან. სახლიდან საბუთების, ფულის და თუ რამე გააჩნიათ, ძვირფასეულობის გარდა ვერაფრის წამოღებასაც ვერ მოასწრებდნენ. ესენი კი სად ექნება დამალული? ცხადია მხარზე გადაკიდებულ პატარა ხელჩანთაში. მოვა, ხელჩანთის ღვედს გადაჭრის. ძალიანაც არ გაიგოს ქალმა, ხელჩანთა მოპარეს თუ არა. იმდენ სიმძიმეს ეზიდება, ერთი კილოგრამით შემსუბუქებას ვერ მიხვდება.
– დავრჩით უფულოდ და უსაბუთოდ საზღვარ-გადმოჭრილები. ფული იმდენი არ იყო. ოთხმოცი ევროს ყიდვა მოვახერხეთ. ცოტა გრივნებიც იდო. ფულს არც ვჩივოდი, უსაბუთოდ სად ან ვინ მიგვიღებდა?!
სასტუმროში გაათევინეს ღამე ერთად გამოქცეულ ლტოლვილებს – მიკროავტობუსის მძღოლი მათ ასე უიმედო მდგომარეობაში ვერ მიატოვებდა. მეორე დღეს საბუთები მოინახა – არამზადებს მთლად არ დაუკარგავთ, ეტყობა, ადამიანის სახე, საბუთები გამოსაჩენ ადგილას დაუყრიათ.
– აი, ასე მოვაღწიეთ თქვენამდე. – ქალმა გაიღიმა. – მე და მულმა ქმრები უკრაინაში დავტოვეთ. იქ არიან. იბრძვიან. ორშვილიანი დედა ჩვენს ქუჩაზე დატოვეს უკრაინელმა მეგობრებმა. კიდევ ერთი დედა, ისიც ორი შვილით, მილანის გარეუბანში უსტუმრებიათ კეთილ ადამიანებს. სამშვილიანი კი ოლტრეპოში* ისტუმრა შერეულმა, უკრაინულ-იტალიურმა ოჯახმა.
მეორე დღეს მთელმა ქუჩამ გაიცნო სტუმრები. გოგონას როსენა ჰქვია. დიდია უკვე. თოთხმეტი წლის ვარო. თვალებში ისეთი სევდა უდგას, მიძნელდება აღვწერო. როსენას თვალებს ვაჩვენებდი მსოფლიოს – უფრო გასაგებად ვერარა კალამი თუ ფუნჯი ვერ აღწერს ომს და მის ბოროტებას.
– გაიღიმე, როსენა, გაიღიმე, ყველაფერი კარგად იქნება. – გოგონა გაღიმებას ცდილობს. – ეგრე. ლამაზ გოგონას ღიმილი კიდევ უფრო ალამაზებს. დაიმახსოვრე. მალე დამთავრდება ომი და უკან რომ დაბრუნდები, ბიჭები შენზე კიდევ უფრო მეტად გაგიჟდებიან. – გოგონამ ახლა ნამდვილ-ბავშვურად გამიღიმა. სევდაც გაფერმკრთლდა მის თვალებში.
– იცით, მარია დეიდა, მილანამდე რომ დავტოვეთ ერთ პატარა ქალაქში, მიჰაილოს ცოლია. მარიას უფროსი გოგო, სოფია, ჩემი ყველაზე ახლო დაქალია. მიჰაილო მოკლეს მოსკალებმა. ხარკოვთან მოკლეს. თურმე, ტყვიები გაუთავდათ მიჰაილოს და მის ორ მებრძოლს. მოსკალებმა ტყვედ აიყვანეს. ხელები შეუკრავთ და ისე დაუხვრეტიათ. – როსენა დიდი, ხანში შესული, მრავლისმნახველი ქალის სიმშვიდით მიყვება მისი დაქალის მამის სიკვდილის ამბავს. თვალებში მისი სევდა უსაშვლოდ დიდდება. იმხელა ხდება, რომ მთელ ქუჩას ფარავს. მარტის შეციებული მზე კიდევ უფრო მკრთალდება. – ათი ტყვია ჰქონდა აი, აქ, დახლილი. – როსენა მკერდზე იდებს ხელს. – კლავდია ბებომ, მიჰაილოს დედაა, ის გიმნასტურა გარეცხა და ჩააცვა მიჰაილოს. ბევრნახვრეტებიანი გიმნასტურით დაასაფლავეს. მარიას ვეხვეწე, ჩემთან ერთდ წამოდი-მეთქი. ვერაო, დედას ვერ დავტოვებო. დედასთნ და პატარა ძმებთან ერთად დარჩა მილანის იქით იტალიელებთან.
– მისამართი ხომ იცის დედიკომ? მითხარი და ყოველ შაბათ-კვირას ჩაგიყვან სოფიასთან. ხანდახან აქეთ წამოვიყვანოთ, კარგი? – როსენას თვალები უნათდება.
– სოფიას დედას წამოსვლა არ უნდოდა, ბავშვები თქვენ წაიყვანეთო. რამდენმე დღის წინ მათ სახლს დიდი ბომბი მოხვდა და მთლიანად დაინგრა. ჩვენ, ყველანი ჩვენი სახლის სარდაფში ვიყავით. იმათისახლის სარდაფი არაა ჩვენი სარდაფისხელა. ჩვენთან იყვნენ კლაუდია ბებიაც და ყველანი. მეორე დღეს ყველანი ავტობუსებით წამოგვიყვანეს საზღვრამდე. იქედან კი აქ ვართ.
მე თვითონ ძლივს ვგებულობდი როსენას უკრაინულ-ნარევ რუსულს. დედა მეხმარებოდა, სიტყვას წააშველებდა-ხოლმე. მე იტალიურად ვიმეორებდი. ქუჩაზე არავინ დარჩენილა გულგრილი. ხნიერი ქალები იცრმლებოდნენ კიდეც. ყველა ცდილობს ბავშვებს მოეფეროს. რამდენიმემ სურვილი გამოთქვა, ორ-სამ ადამიანს ჩვენც მივიღებთო. მიკროავრტობუსის დამხმარემ მათი ტელეფონები ჩაიწერა. ამას ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციას გადავცემ, ისინი თვითონ დაგიკავშირდებიანო.
და, ანტოშა!…
ანტოშას მოთხრობის ერთი მოზრდილი, ცალკე თავი არ ეყოფა. თუ შევძელი, გაგაცნობთ.
შვიდიოდე წლისაა. უკრაინულად მელაპარაკება. რუსულს ვერ ლაპარაკობს. დედამისსაც არ აცლის თარგმნას. თვალები ენთება, მაგარ რამეს რომ მიყვება.
– მამა იქ იბრძვის. მოსკალებს ესვრის. ხან ავტომატს და ხან ლომონკებს. აი, ასე. – ხელით ხან ავტომატს ისვრის და ხან ლიმონკას. არ ავიწყდება ლიმონკას გადაგდებამდე კბილებით წააცალოს დამცველი.
– ანტოშ, გინდა მეგობრები გავხდეთ?
– არა. მე მეგობრები უკრაინაში მყავს. ჩემხელები არიან. შენ ძალიან დიდი ხარ. არ გეწყინოს, რა! – დამამშვიდა.
– არ მეგონა, მეგობრობაზე თუ უარს მეტყოდი.
– მამიკოს მეგობარი იყავი, რა. მამიკოა დიდი.
– ანტოშკა, მეგობრობა შეიძლება დიდ ბიძიებთანაც. ემეგობრე. რაც მეტი მეგობარი გეყოლება, ხომ იცი, ბევრად უკეთესია. – საუბარში დედა გვერთვება.
– კი, ვიმეგობრებ, მარა მირჩევნოდა მამიკოს მეგობარი ყოფილიყო. სტინგერს და ჯაველინს მე ვერ ავწევ, ეს კი თავისუფლად ასწევს. მამიკოს რომ დასჭირდეს იქ, მიუტანს. ერპეგე-შვიდს მეც მოვერევი და მივუტან მამიკოს რომ დასჭირდება. – ღმერთო, რატომ უნდა იცოდეს შვიდიოდე წლის ბავშვმა სტინგერი და ჯაველინი თუ ერ-პე-გე-შვიდი?!…
– ანტოშ, შენი მეგობარიც ვიქნები და მამიკოსიც. ორივეს მეგობარი ვიქნები, კარგი? – ანტოშკა გამომცდელად მიყურებს.
– ვაა… რა მაგარია! აი, როგორც მე ვარ პიოტრის და რუსლანის მეგობარი. რუსლანი ჩემზე დიდია. მთელი ორი წლით.
– ჰოდა, დღეიდან მეგობრები ვართ, ანტოშ.
– მე არ მინდოდა წამოსვლა. მამიკოსთან დარჩენა მინდოდა, მაგრამ მამამ არ ქნა. უნდა წახვიდეო. – გაბრაზება შეერია ხმაში.
– მამას მართლი უთქვამს, ანტოშ.
– აუცილებლად უნდა წახვიდეო. შენ თუ დარჩი, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვიბრძოლებო. შენ მეყოლებიო მისახედი. მე რა, ჩუმად ვიქნებოდი. მამიკოს ტყვიები რომ არ გამოლეოდა ახალ და ახალ მაგაზინებს მივუტანდი, სახლში რომ იყო, ავტომატის მაგაზინი ავიღე ხელში. მსუბუქია. ეგეთს ასს მაინც მივუტან ერთ ჯერზე. ტყვიები რომ გამოელიოს, რა ვქნა მერე?!…
– არ გამოელევა ტყვიები ანტოშ, არაფრით არ გამოელევა. არც ტყვიები გამოელევა და არც ლიმონკები. – ვეუბნები ჩემს პატარა გულიან მეგობარს და გულში ვაგრძელებ – არ შეიძლება ტყვია-წამალი გამოელიოს. ღმერთი უშველით შენი და შენნაირი ბიჭებისა და გოგონების თავისუფლებისთვის მებრძოლ ბიჭებს ანტოშ – ყველას უშველის!…
(სოლომონ ნერგაძე, 22 მარტი, 2022)
შენიშვნები
* ოლტრეპო – პავიას პროვინციის ნაწილია. მდინარე პოს გადაღმა მხარეს ოლტრეპო, ანუ პოს იქითა მხარე ჰქვია.
ლიმონკა – ხელყუმბარა.
ჯაველინი, სტინგერი, ერ-პე-გე-შვიდი (RPG7) – მოიერიშე თვითმფრივანების და ტანკსაწინააღმდეგო საომარი იარაღები.