იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომლის ვადა 31 მარტს იწურება, აღარ გაგრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოიხსნება, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში (როგორიცაა, მაგ., საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღაზიები) ნიღბის ტარების ვალდებულება 31 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება.

სპერანცას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იტალიის მოსახლეობის 90% ვაქცინირებულია მინიმუმ ერთი დოზით, შესაძლებელია შეიცვალოს მიდგომა, თუმცა სიფრთხილით. „[ვაქცინაციის] ამ მაჩვენებლებით შეგვიძლია კოვიდ-19-ის ახალ სეზონს სხვაგვარი მიდგომით შევხვდეთ“, – თქვა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ ლიონში. მისი თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებით წავა. სტატია სრულად იხილეთ აქ