პანდემიის მიმდინარე ტალღის დასრულების შემდეგ, ევროპის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შესაძლოა კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს COVID-19-ის წინააღმდეგ, აცხადებენ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრში (ECDC).
„იმის გათვალისწინებით, რომ დაავადების ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია „ომიკრონის“ გავრცელებასთან, ამავე დროს კი ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა პირველადი ვაქცინაციის კურსი დაასრულა, სრულიად მოსალოდნელია, რომ პანდემიის ამ ტალღის დასრულების შემდეგ რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარკვეული იმუნოლოგიური მეხსიერება შეიძინოს COVID-ის წინააღმდეგ“, — აღნიშნეს უწყებაში.
ამასთან ECDC-ში აცხადებენ, რომ გარკვეული შეზღუდვები აღარ არის ეფექტური პანდემიასთან საბრძოლველად. მათი თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო COVID-19-ით სიკვდილიანობისა და ჯანდაცვის სერვისებზე დატვირთვის შემცირებას, მაგრამ ამავდროულად შეზღუდვებმა მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები გამოიწვია.
„მაგალითად, ქვეყნებში შემავალი მოგზაურების წინააღმდეგ მკაცრმა ზომებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ მოგზაურობის შეზღუდვები ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსი უკვე გავრცელებულია, როგორც წესი, არაეფექტურია“, — აღნიშნეს ECDC-ში.
ამავდროულად, როგორც უწყებაში თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ენდემურ დაავადებად გადაქცევისკენ მიდის, ახალი ეპიდემიების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაძლიერებული ზედამხედველობა ჯერ ისევ საჭიროა.
ამის პარალელურად ევროკავშირის ქვეყნებში, მიუხედავად „ომიკრონის“ გავრცელებისა, შეზღუდვები აქტიურად იხსნება. შეზღუდვები თითქმის მთლიანად გააუქმეს ან აპირებენ გააუქმონ დანიამ, შვედეთმა, ფინეთმა, შვეიცარიამ და სხვა სახელმწიფოებმა.