რას ჰყვება ირმა კაპანაძე იტალიაში მცხოვრებ ქართველებზე
„დიასპორის სახლის“ წევრი, ირმა კაპანაძე 13 წელია, იტალიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ იტალიელების უმეტესობამ საქართველო იცის, როგორც ღვინისა და სტალინის ქვეყანა. ამჟამად ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში, ერთ-ერთ ორგანიზაციაში თარჯიმნად მუშაობს და თავშესაფრის მთხოვნელ ქართველებს ეხმარება. როგორც მითხრა, იტალიაში მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, რის შედეგადაც გარდაცვალების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები – იტალიელები გრინპასს, ანუ კოვიდ-პასპორტებს აპროტესტებენ, ჩვენი თავისუფლება იზღუდებაო. წერს გაზეთი გზა
– 2008 წლის ომის შემდეგ წამოვედი საქართველოდან. წარმოშობით გორიდან ვარ და ომის სიმძიმე საკუთარ თავსა და ოჯახზე ვიწვნიე. მაშინ მამა ცოცხალი მყავდა, მაგრამ ავად იყო, საწოლიდან ვერ დგებოდა. იმ ზაფხულს ჩემთან მყავდა დისშვილი, 7 წლის და სხვა გზა არ მქონდა, მის გადასარჩენად იძულებული ვიყავი, მშობლები დამეტოვებინა. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. მამა დედას ეხვეწებოდა, – შენც წადი, თავს უშველეო, მაგრამ ავადმყოფს მარტოს როგორ დატოვებდა? მე და ჩემი დისშვილი ტრასაზე გამოვედით იმ იმედით, რომ როგორმე ქობულეთამდე ჩავაღწევდით. შინდისი რომ დაიბომბა, ეს ის დღე იყო. ფაქტობრივად, ბომბები თავზე მაცვიოდა. ქობულეთში გამთენიისას ჩავედით. ჩემს დას ვუთხარი, უნდა დავბრუნდე, ამ სიცხეში ჩვენი მიცვალებულები გაიხრწნება-მეთქი და 25 აგვისტოს გორში ჩავედი. ვერც წარმოვიდგენდი, მშობლები თუ ცოცხლები დამხვდებოდნენ. მამას შიშზე მესამედ დაემართა ინსულტი და ვეღარაფერი ვუშველეთ. ან როგორ დამერეკა საავადმყოფოში, ვისთვის მეთხოვა დახმარება, როდესაც მეომრების, ახალგაზრდების ცხედრები ნიქოზიდან მეუფე ანდრიასა და პატრიარქის ჩარევით ძლივს გადმოასვენეს. თითქოს მორალური უფლებაც არ მქონდა, ვინმესთვის მეთხოვა მამას საავადმყოფოში გადაყვანა. მაშინ ვინ დაგვიდგა გვერდით? არადა, ბევრი რამ შეიძლებოდა მოგვარებულიყო და თავიდან აგვეცილებინა. ყველაფერი…არასწორი პოლიტიკის გამო მოხდა. 3 თვითმფრინავი ეყოფოდა გორის განადგურებას? დღესაც რომ მოინდომოს რუსეთმა, ვინ იქნება ხელის შემშლელი, წინ ვინ დაუდგება – ევროპა თუ ამერიკა? ეს ჩემი დიდი გულისტკივილია, გაუნელებელი.…
– ალბათ იოლი არ იყო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება.
– თავდაპირველად ვენეციაში ვცხოვრობდი, ახლა ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში ვარ. არასდროს არავინ დამიდანაშაულებია ჩემს ემიგრანტობაში და საერთოდაც, არასწორად მიმაჩნია მუდმივად იმის ძახილი, რომ ჩვენი ქვეყანა ემიგრანტების გზავნილებზე დგას. რამდენჯერმე სოციალურ ქსელშიც გამოვთქვი აზრი, რის გამოც მავანთა გაკიცხვის ობიექტად ვიქეცი. განსაკუთრებით „პოპულარული“ გავხდი შარშან, როდესაც „ფეისბუკზე“ ავტვირთე ვიდეომიმართვა. საერთოდ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ძალიან გამაღიზიანა ერთმა სიუჟეტმა: რამდენიმე ემიგრანტი ქალი მილანიდან მოთქვამდა, რომ წყლისა და საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდათ; რომ არც იტალია და არც საქართველო არ იყო მათი პატრონი; რომ არავის ადარდებდა მათი ბედი და ა.შ. მოკლედ, ეს ქალბატონები ადანაშაულებდნენ იტალიასაც და სამშობლოსაც, ყურადღებას არავინ გვაქცევსო… თქვეს, ვითომ იმ გაგანია პანდემიაში კონტრაქტით ვინც მუშაობდა, ისინიც კი გაათავისუფლეს. არადა, გამოაცხადეს, რომ კონტრაქტით მომუშავეებს, სამსახურიდან რომც წასულიყვნენ, ხელფასები აუნაზღაურდებოდათ. შეიძლება იყო გამონაკლისებიც, მაგრამ კანონით თუ მოითხოვდი ხელფასს, მოგცემდნენ. 4 შვილის დედა ამბობდა, წყალიც კი არ გვაქვს, მშივრები ვიხოცებითო. ჯერ ერთი, იტალია არც ერთ ემიგრანტს უარს არ ეუბნება ჯანდაცვაზე, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ემიგრანტებისთვის ქვეყანას, რომელსაც თავს დაატყდა ამხელა უბედურება? ისეთი დაბნეულები იყვნენ, ვერ იგებდნენ, რა გაეკეთებინათ. ქაოსი გახლდათ, არ ჰქონდათ გეგმა ვირუსის და ზოგადად, ეპიდემიების დროს როგორ მოქცეულიყვნენ. ამაზე გამოძიება ახლაც მიდის. თავიანთ მოსახლეობასაც ვერაფერს უკეთებდნენ, ინტენსიურები გადაჭედილი იყო, პაციენტები გარეთ ეწვინათ, არ ჰქონდათ ჟანგბადის აპარატები და ა.შ. მოკლედ, უმადურობამ გამაბრაზა და ვიდეოთი მივმართე, არ გაქვთ უფლება, ან ერზე ილაპარაკოთ და ამ მთავრობას რამე მოსთხოვოთ ამ სიტუაციაში და არც იმის უფლება გაქვთ, რომ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულოთ, რაკი აქ წყალი ვერ მოგაწოდათ და ვერ გაჭამათ-მეთქი. ჩემს ამ მიმართვას დიდი გამოხმაურება და ბევრი არაკორექტული კომენტარიც მოჰყვა, მათ შორის, ცილისწამებაც 2 ქალბატონისგან, რომ 4.500 ევროდ ყალბ საბუთებს ვაკეთებ, ქართველ ქალებს ვაწამებ და ა.შ. მე ორივეს ვუჩივლე და აუცილებლად ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. კარაბინერებმა მკითხეს, – რას ვითხოვდი? ბოდიშის მოხდას-მეთქი, – ვუპასუხე და გაუკვირდათ, რა უცნაურია, ფულს რატომ არაო? ეს რომ ვთქვი, ახლობლებმა მირჩიეს, ფული მოითხოვე და მერე ბავშვთა სახლში გადარიცხე საჯაროდო. ეს იდეა ძალიან მომეწონა, ასეც მოვიქცევი.
მართლაც, რთული პერიოდი გადავიტანეთ ამ ქვეყანაში, პანდემიას ვგულისხმობ. რამდენიმე მეგობართან ერთად შევძელი და დავეხმარეთ იმ ქართველ ქალებს, უსაბუთობის გამო საკვებისა და წამლების შესაძენად გარეთ რომ ვერ გამოდიოდნენ. ელჩის, ბატონ კოტე სურგულაძის დახმარებით დავუკავშირდით ექიმს, თამარ ჭლიკაძეს, რომელიც მილანში ცხოვრობს და რეცეპტებს ის გვიწერდა. მისი მადლობელი ვარ, ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ქართველებს მანაც და ამერიკის ქართული დიასპორის სახლიდან ინა ასანიძემ, გოგა მამფორიამ, ნიკა ჩხეიძემ – თანხას გზავნიდნენ, საკვები რომ გვეყიდა მათთვის, ვისაც სჭირდებოდა. ესეც პოპულისტობად მონათლეს, – პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ერთი შეკვრა მაკარონი რაკი მოაქვსო, წარმოგიდგენიათ?! უბრალოდ, გულსატკენია.…
– როგორც ვიცი, თანამშრომლობთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომლებიც იტალიაში თავშესაფრის მსურველთა თხოვნებს განიხილავს. საინტერესოა, თუ გაიზარდა იტალიაში მუშაობის მსურველთა რაოდენობა?
– დიახ, თარგმანს ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასამართლოს საშუალებით ამ ქვეყანას თავშესაფარს სთხოვენ. რაკი უცხოელები მომრავლდნენ და ბევრ მათგანს ენის პრობლემა აქვს, შეიქმნა მსგავსი ორგანიზაციები/ასოციაციები. როდესაც მიდიხარ რომელიმე ოფიციალურ დაწესებულებაში, სასამართლო იქნება ეს თუ ჯანდაცვა, უნდა მოითხოვო ადვოკატიც და თარჯიმანიც. მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად ვიცი, ორივე მოვითხოვე, როდესაც საჩივარი შევიტანე. ამას კანონი ითვალისწინებს, რადგან შენს მშობლიურ ენაზე არ ხდება საქმის წარმოება. რაც შეეხება იტალიაში ჩამომსვლელთა და მუშაობის მსურველთა რაოდენობას, ძირითადად, ქალები მოდიან, რადგან ამ რეგიონში კაცებს უჭირთ სამუშაოს პოვნა. ივლის-აგვისტოში დაახლოებით 15 პროცესი მქონდა და საქართველოდან რომ დავბრუნდი, იმდენი დამხვდა, 3 კვირის განმავლობაში ყველა სამუშაო დღეს 2 პროცესი მაინც მქონდა.
გულწრფელად გითხრათ, მეცოდება ეს ქალები. ძველი ჩამოსულები, დამსაქმებლებად რომ იწოდებიან, მათი წყალობით შოულობენ ფულს… ყველაზე სამარცხვინოდ მახსენდება ერთ-ერთი ქალის პროცესი, რომელიც პოლიციამ დააკავა ქურდობისთვის – მაღაზიიდან გამოვიდა ისე, რომ ფული არ გადაიხადა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. და კიდევ ერთი ამბავი მახსოვს, ოღონდ მეღიმება იმ პროცესზე: ვთარგმნიდი ქალის ამბავს, რომელსაც ეწერა, რომ ძმამ წაართვა ყველაფერი. ხომ იცით, ჩვენთან როგორ არის, ქალი მეორეხარისხოვანია, ყველაფერი ბიჭებისაა, და რადგან ქუჩაში დავრჩი, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავიო. რაკი იტალია გაძლევს თავშესაფარს, ჰუმანიტარულ ნებართვას, უნდა ჩამოთვალო, რა რისკები აქვს ქვეყანაში შენს დაბრუნებას. ეს ქალი კი ამბობდა, მე რომ იქ ჩავიდე, ჩემი ძმა მომკლავსო. ამას ვთარგმნიდი და თან მეცინებოდა, – მადლობა ღმერთს, ასე არ არის. 2 გოგო ვიზრდებოდით ოჯახში და მე და ჩემს დას ხელისგულზე გვატარებდნენ. გული ბევრ სხვა რამეზეც მწყდება. სასამართლოზე 4 მოსამართლე ისმენს, რასაც ამბობ – ერთი იწერს და სამი არჩევს, მისცენ თუ არა თავშესაფარი, და ისეთ რამეებს ამბობენ ჩვენს ქვეყანაზე, ისეთ შეურაცხმყოფელსა და დამამცირებელს, გაგონება რომ არ მინდა! ბევრი რამის თქმას კანონი მიკრძალავს, ამიტომაც ვერ ვამბობ. ჰოდა, ამის შემდეგ გამოდიან და „თავისუფლება მიშასო“, გაიძახიან სწორედ მის დროს გამოქცეულები და კიდევ, – „ქვეყნის იმიჯს ზიანს ნუ აყენებთ პრეზიდენტის პატიმრობითო“, „ჩვენზე დგას ეს ქვეყანა და ემიგრანტებს ძეგლი დაგვიდგითო“… ბარიში მცხოვრებ რამდენიმე ემიგრანტ ქალს დაუჭერია დროშები და, – „თქვენ გვერდით ვართ ემიგრანტებიო“, გაჰყვირიან ყველას მაგივრად. ის მაინც თქვან, ემიგრანტების ნაწილია თქვენთანო. ან რა გვემიშავება, ან რა გვებიძინავება, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ, სჯობს. ეს ბელადომანია და ფანატიზმი დაგვღუპავს სწორედ.
რა ვქნა, მე სიმართლე მიყვარს, ვერავის გავაფანატებ, რადგან ჩემი სახლი და საწოლი არ მაქვს; ჩემი ხალხი, ოჯახი გვერდით არ მყავს და უზომოდ მენატრებიან! გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ სიმართლე: ყველა წამოხვედით თქვენი კეთილდღეობის გამო, იმიტომ, რომ შვილიშვილებსაც კი უყიდოთ ბინები თბილისში. მოდი, თუკი ასე გიყვართ სამშობლო, რომელიც თურმე ჩვენს, ემიგრანტების მხრებზე დგას, ნუღარ დააყვედრით მას, რასაც აკეთებთ. ან რას აყვედრით, შენს ოჯახს რომ ინახავ, იმას?..
თუ ჩემს ნათქვამში ვინმეს რამე ენიშნება და გაბრაზდება, ე.ი. მტკივან ადგილზე დავადგი ფეხი. არანაირი გმირობა არ არის ემიგრანტობა! გმირი არის ის ქალი, ამ ზაფხულს გორიდან თბილისში მიმავალ ტაქსიში რომ ვნახე. 40 წლამდე იყო, გამომელაპარაკა. ძალიან ახალგაზრდა დავქვრივდი, სამი შვილი დამრჩა, დედამთილ-მამამთილიც გარდამეცვალა და მარტო ვზრდი შვილებს, უფროსი უკვე აბიტურიენტია. მეც კი მინდოდა სადმე წასვლა სამუშაოდ, მაგრამ ბავშვები როგორ დამეტოვებინაო? ბაღი გაუშენებია, ჟოლო მიჰქონდა თბილისში გასაყიდად. აი, ჩემთვის გმირი ის ქალია! თუნდაც ვერც ერთს ვერ ასწავლოს, თავის შვილებს ადამიანებად გაზრდის. დარწმუნებული ვარ, ის ბავშვი, ყოველდღე დედის გვერდით რომ არის, უფრო კარგი ადამიანი გაიზრდება, ვიდრე ის, ბოლო მოდელის “აიფონი“ რომ უჭირავს და დედა საზღვარგარეთ ჰყავს…
ნინო ჯავახიშვილი
წყარო გზა
ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია
❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა