ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, სასამართლოზე დაკავებულის გათავისუფლებას აღკვეთის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენების გარეშე მოითხოვს.

„გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია გამოკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილა. მათგან ერთ-ერთია ისიც. ვნახოთ, ბრალდების მხარე რას მოითხოვს. მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული“, – აცხადებს ადვოკატი.

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.