ამბობენ შვილი ყველაზე ტკბილიაო, შვილების გამო დედა ყველაფერს გააკეთებსო… შვილების გამო არ ხართ ემიგრანტები გადახვეწილები?

დედას გადაჩვეულ და ფულს შეჩვეულ თაობას გვიძახიან!

დედას როგორ უნდა გადაეჩვიო? თქვენ რომ ამბობთ, შვილი ტკბილიაო, რომელ შვილს არ სჭირდება დედა? რომელ შვილს არ უნდა, აცრემლებული თვალები დედამ დაუკოცნოს, ღამით საბანი გაუსწოროს, სიცხე შუბლზე ტუჩებით გაუსინჯოს…

მე შვილები არ მყავს, მაგრამ მყავს დედა, რომელიც 6 წელია საბერძნეთში ცხოვრობს! დედაჩემი ყველაფერია ჩემთვის, გულის სიღრმეში მამაჩემს ვერ ვპატიობ, რომ ვერ შეძლო აერიდებინა ოჯახისთვის ასეთი ტვირთი. მაგრამ რომ ვუყურებ, თვითონაც როგორ განიცდის, წყენა მიქრება და გული მეწურება.

მე შენ ძალიან მიყვარხარ, დედა. არ დაიჯერო, თუ ვინმემ გითხრა, შენი შვილი შენზე მეტად ფულს ელოდებაო, არ დაიჯერო, თუ ვინმემ გითხრა შენს შვილს უფულო არაფერში სჭირდებიო, არ დაიჯერო, დედა! მე არასდროს დამავიწყდება შენი დაბნეული თვალები, როცა საბერძნეთში გაცილებდით, მახსოვს, როგორ გეშინოდა ჩვენი მარტო დატოვება, როგორ განიცდიდი… თვითმფრინავშიც კი არასდროს ვმჯდარვარო, ამბობდი…

მე მახსოვს, ყოველ დილით როგორ მაღვიძებდა შენი სიმღერის ხმა, მერე შენთვის ჩაილაპარაკებდი, ნეტა რა მემღერებაო და მაინც აგრძელებდი… მახსოვს, ერთხელ ისიც მითხარი, თუ ტკივილები ძალიან მოგაწვება, არ იტირო, იმღერე და ყველაფერი კარგად იქნებაო… მის მერე დამჩემდა, თუ რაიმეს განვიცდი, ვღიღინებ ხოლმე…
წყარო mshoblebi.ge