თაღლითობა ვიზებით – “ტვ პირველმა” აღმოაჩინა სქემა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოქალაქეთა დიდი ჯგუფი ტრანსნაციონალური დანაშაულის მსხვერპლია. ასამდე ქართველი ციხეს შემთხვევით გადაურჩა. უცხო ქვეყნის საზღავრზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ 10 ათასი დოლარი ყალბი ვიზის დამზადებაში გადაიხადეს.
ირკვევა, რომ თაღლითების ჯგუფი ადამიანებს სოციალურ ქსელში უკავშირდებიან და დიდი ფულის სანაცვლოდ ავსტრალიის ვიზის დამზადებას სთავაზობენ. მოტყუებულები მხოლოდ საზღვარზე იგებენ, რომ თანხის გამოძალვის მსხვერპლი გახდნენ.
კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან ვინმე მირანდა და გურამ ალთუნაშვილი გადიოდნენ, კლიენტებს ორ გზას სთავაზობდნენ, უკრაინიდან დუბაის გავლით ავსტრალიაში გამგზავრება ან რეისი პირდაპირ თბილისიდან. ის, ვინც ფული გადაიხადა, ვიზიანი პასპორტები დაუბრუნეს და დიდი ფულიც აიღეს, თუმცა დუბაიში ჩასულებს უთხრეს რომ ვიზა ყალბია და პირდაპირ ციხეში წაიყვანეს.
სქემას,რომელიც მოქალაქეებს ფულის დაკარგვის გარდა ლამის პატიმრობის ფასიც უჯდებათ, კარგად იცნობენ შს სამინისტროში, თუმცა ქვეყნის ძალოვან უწყებაში ფაქტზე არავინ რეაგირებს.
ირკვევა, რომ ათობით მოტყუებული მოქალაქე დღეებს დუბაის ციხეში ატარებდა, შემდგომ დეპორტაციით უკან აბრუნებდნენ. სწორედ ასე დაბრუნდა საქართველოში, შინაგან საქემთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სისტემა 2016 წელს დატოვა და ემიგრაციაში წასვლა სურდა. სავიზო თაღლითობის შესახებ რამდენიმე თვის წინ პოლიციაშიც იჩივლა, თუმცა გომელაურის უწყებამ საქმეზე სრული გულგრილობა გამოიჩინა.