უნდა იღებდნენ თუ არა ემიგრანტები თითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? ეს არის კითხვა რომელმაც, ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კიდე ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქე ემიგრანტები, ვერ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვების გამო. ვფიქრობ მნიშვნელოვანია დღის წესრიგში დადგეს ამ საკითხზე მსჯელობა, ვინაიდან განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში, სადაც ასევე არსებობს გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები აკადემიურ სივრცეებში, პრაქტიკოსი იურისტების და მოქალაქეების მხრიდან იქმნება არაერთი ნაშრომი და წინადადება აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებასა და კანონმდებლობის თანამედროვე რეალობაზე მორგების კუთხით.

საქართველოს კონსტიტუციით (24 (1) მუხლი) გარანტირებულია თითოეული მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. თუმცა, საქართველოს საარჩევნო კოდექსი აწესებს ბინადრობის ცენზს მუნიციპალური არჩევნების ჩატარებისას. რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ის ამომრჩევლები რომლებიც იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ცენზის არსებობა, ხშირ შემთხვევაში გამართლებული და მართებულია. ვინაიდან საარჩევნო უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიცხვს, რომლის შეზღუდვაც ყველა შემთხვევაში დაუშვებელია, როგორი უფლებებიცაა – წამების აკრძალვა, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა და სხვა.

უმეტესი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას, აქვს გარკვეული შეზღუდვები. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის პირობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, შეზღუდვების ფორმულირება მოახდინოს იმგვარად, რომ მოსახლეობას მკაფიოდ დაანახოს შეზღუდვების აუცილებლობა და პროპორციულობა. ისინი უნდა იყოს საკმარისი სიზუსტით ფორმულირებული, მკაფიო, განჭვრეტადი და თავისთავად გამორიცხავდეს დისკრიმინაციას. მაგალითად საცხოვრებელი, ან წარმოშობის ადგილის მიხედვით უთანასწორო და უსამართლო მოპყრობას.

მუნიციპალურ არჩევნებში, ემიგრანტების (იგულისხმება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები) მონაწილეობის შეზღუდვა, უკავშირდება ამ ტიპის არჩევნების თავისებურებას, რომელიც თავისი არსით ადგილობრივია. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ მოსახლეობა ირჩევს საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მერსა და საკრებულოს.

შესაბამისად, სასურველია, რომ ხმის მიცემისას ადამიანი კარგად იცნობდეს, როგორც ადგილობრივ მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, ასევე რეგიონულ გამოწვევებს და პრობლემებს. სწორედ აღნიშნული საკითხი განაპირობებს არსებულ საარჩევნო ცენზს. დღეს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ემიგრანტები გაუცხოებულნი არიან საკუთარი მუნიციპალიტეტის ყოფას, არ იცნობენ მის საჭიროებებსა და წუხილებს და ვერ მიიღებენ სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას. მაშინ როდესაც ყველაზე ხისტი დაკვირვებითაც რეალობა საპირისპიროს მეტყველებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აღრიცხული ემიგრანტთა რაოდენობა წარმოადგენს 89,996 ადამიანს. თუმცა, რეალურად მოცემული ციფრი შეიძლება ბევრად მაშტაბური იყოს. 2019 წლამდე, უკანასკნელ ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. 2018 წელს კი ფულადი გზავნილების ოდენობამ გადააჭარბა ამავე წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

საქართველოში შემოსული გზავნილების რიცხოვნობა და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფინანსების რაოდენობა შთამბეჭდავია და გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ უცხო ქვეყანაში წასული ადამიანების დიდი წილი სამუშაო მიგრაციაშია და კვლავ მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი წარმოშობის ადგილთან, ვინაიდან მათი ოჯახები ცხოვრობენ საქართველოში, რომელთა ფინანსური კეთილდღეობაც დიდწილად სწორედ ემიგრანტების შრომაზეა დამოკიდებული.

ემიგრანტების წვლილი ქვეყნის განვითარებაში, აბსტრაქტული და განყენებული ცნება არ არის. თითოეული ჩვენგანის გარშემო უამრავი ოჯახია გახლეჩილი. სამუშაო მიგრაციაში წასული ადამიანები ჩვენი მეგობრები, ნათესავები არიან. რომლებიც მიღებული შემოსავლის ნაწილს ოჯახს უგზავნიან საქართველოში, ნაწილს კი ინახავენ, რათა წლების შემდეგ დაბრუნებულებმა დიდ ქალაქში, პატარა საცხოვრებლის შეძენა შეძლონ, შვილებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ვფიქრობ, სიმართლისგან შორს არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ემიგრანტები ერთ-ერთი ის ჯგუფია, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან მათ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და საჭიროებები. მათთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა, შესაძლოა გახდეს ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც დაანახებს, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ის ესმის და აფასებს. მათი ხმა შესაძლოა რეფორმაციის, ცვლილების მომტანი გახდეს. იმგვარი ცვლილებების, რომელიც მათ დედაქალაქში სახლის შეძენის მიზანს, საკუთარ მუნიციპალიტეტში დაბრუნებითა და იქ განვითარებით შეაცვლევინებს.

საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება), რომლშიც მსჯელობა განვითარდა პასიურ საარჩევნო უფლებაზე, ანუ შესაძლებლობაზე, იყო არჩეული კონკრეტულ თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილებამდე არსებობდა ცენზი, რომელიც არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს უკრძალავდა მერის/გამგებლის თანამდებობის დაკავებას. გადაწყვეტილება საინტერესოა რამდენადაც, მასში განვითარებული მსჯელობა, ასახავს იმ წუხილებსაც, რომლის წინაშეც უცხოეთში წასული ქართველი ამომრჩეველი დგას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, საარჩევნო უფლების მქონე პირებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა ყოველთვის მკაცრ კონსტიტუციურ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. პირის დისტანცირება საარჩევნო პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ხსენებული ლეგიტიმური მიზნები შინაარსობრივად დაყო ორ ნაწილად: ა) ზოგადად საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ ცხოვრებაში ჩართულობა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებების ცოდნა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ცალ-ცალკე შეეფასებინა თითოეული მათგანი და აღნიშნა, რომ „ბინადრობის ცენზი ვერ იქნება პირის სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გარანტია, ამ გარემოების განმსაზღვრელი უპირობო ან უალტერნატივო საშუალება. პირის მიერ სადავო ნორმებით განსაზღვრული ცენზის დაკმაყოფილება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პირის ჩართულობას სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცალკე აღებული საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტიც აპრიორი არ მიუთითებს, რომ პირი ჩართულია სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ან გაცნობიერებული აქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. შესაძლებელია, პირი მუდმივად ცხოვრობდეს საქართველოში, თუმცა საერთოდ არ იცნობდეს/ნაკლებად იცნობდეს ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს და, პირიქით, საქართველოში მუდმივად არმცხოვრებ პირს ჰქონდეს სრული, ზედმიწევნითი ინფორმაცია ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით, გააჩნდეს ცოდნა სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობის თაობაზე და ა.შ.“ შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო უფლების შეზღუდვა იქნებოდა არათანაზომიერი, არაპროპორციული საშუალება.

ევროპული „საარჩევნო ნორმათა კოდექსით“ განსაზღვრულია, რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს პერიოდულად, საყოველთაობის პრინციპის დაცვით, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და

პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე, ამასთან კოდექსი აძლევს შესაძლებლობას ქვეყნებს ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნების შემთხვევაში დააწესონ საარჩევნო ცენზი, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის შესასრულებლად სავალდებულო. რაც მთავარია ის უნდა უზრუნველყოფდეს, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და ითვალისწინებდეს არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ კლიმატს.

საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი მოცემულობისგან განსხვავებით, უფრო ხისტი და კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში (ICCPR), სადაც ნათქვამია, რომ „პირებს, რომელთაც, სხვა შემთხვევაში აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არ უნდა შეეზღუდოთ უფლებები არაგონივრული ან დისკრიმინაციული მოთხოვნებით, როგორიცაა განათლება, საცხოვრებელი ადგილი ან წარმოშობა, ან პოლიტიკური ნიშნით“.

საერთაშორისო გამოცდილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ემიგრანტთა მონაწილეობის კუთხით მრავალფეროვანია და ასევე მოიცავს სხვა და სხვა დათქმებს, თუმცა განვითარებული ქვეყნები ტექნიკის და ხმის მიცემის ალტერნატიული შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად ხვეწენ და ცვლიან კანონმდებლობასაც. არა ერთ ქვეყანაში ხმის მიცემა შესაძლებელია ფოსტით ან/და ელექტრონულად. ელექტრონული არჩევნების ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს ესტონურია. ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმა ონლაინ, ინტერნეტის გამოყენებით მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთი უდიდეს კიბერ იერიშს შეეჯახა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ის არ შეუშინდა ცვლილებებს და დახვეწა სისტემა იდეალურ მოდელამდე.

ვფიქრობ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ქვეყნები, რომლებიც თავისუფალნი არიან მუნიციპალურ არჩენებში, ბინადრობის ცენზისგან. ამგვარი სისტემა აქვს საფრანგეთსა და ესპანეთს, რომლის უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც საელჩოს/საკონსულოს შენობაში ასევე ფოსტის მეშვეობით. ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ნაწილს ბინადრობის ცენზი არ გააჩნიათ და ამ შტატებში რეგისტრირებულ ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში – ელექტრონულად, ფოსტის ან საელჩოს მეშვეობით. ასევე, შვეიცარიაში კანტონების მნიშვნელოვან ნაწილში არ მოქმედებს ბინადრობის ცენზი.

ბინადრობის ცენზის არსებობის მიზანი ადგილობრივ პრობლემებში პირის გარკვევის აუცილებლობას უკავშირდება. როდესაც საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ბინადრობის ცენზის დადგენა შესაძლოა ემსახურებოდეს კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის საჭიროებების ცოდნას. თუმცა, შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, რომ ადამიანი, რომელიც უცხოეთში მცირე დროით არის წასული სასწავლებლად ან სამუშაოდ, სრულად გაუცხოებულია მუნიციპალიტეტის ყოფისა და საჭიროებებისგან.

არაერთი ემიგრანტი ჩემთან საუბრისას გამოხატავს სურვილს მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არჩევნების გზით და მათთვის მნიშვნელოვანია არ შეეზღუდოთ აქტიური საარჩევნო უფლება. ვფიქრობ საჭიროა დავაყენოთ დღის წესრიგში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხი. აუცილებელია ვიმსჯელოთ საფრთხეებზე, რომელსაც აღნიშნული საკითხის განხორციელება შეიძლება შეიცავდეს, განსაკუთრებით ისეთ გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ აუცილებელია ვიმსჯელოთ კანონმდებლობის ცვლილებზე, სრულყოფასა და მის მორგებას ქვეყნის თანამედროვე რეალობაზე. კანონმდებლობის ცვლილება დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და შესაძლებელია განხორციელდეს იმგვარად, რომ ის ემიგრანტების ინტერესებსაც მოერგოს, გათვალისწინებულ იქნეს ყველა საფრთხე და რისკი და იმავდროულად არ დაიკარგოს საარჩევნო უფლების არსი მუნიციპალური არჩევნებისას

ავტორი: ლევან იოსელიანი

წყარო რადიო თავისუფლება