უცხოელები, რომლებიც რუსეთში 90 დღეზე მეტი ხნით ჩადიან, ვალდებულნი არიან, გადაიღონ ფოტოები და გაიარონ დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია შესვლის დღიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო შრომით მიგრანტებს ამის გაკეთება 30 დღის განმავლობაში ან სამუშაოს საბუთების მიღებისთანავე დაევალათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში 2021 წლის 29 დეკემბერს შევიდა ძალაში.
“უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, ჩავიდნენ, სავალდებულო სახელმწიფო დაქტილოსკოპიურ აღრიცხვას და ფოტოების გადაღებას რუსეთის ფედერაციაში შესვლის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში ექვემდებარებიან”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, უცხოელებისთვის, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ ჩავიდნენ, დაქტილოსკოპია და ფოტოს გადაღება ქვეყანაში შემოსვლის დღიდან 30 დღის განმავლობაში, ან პატენტზე განაცხადის ან მუშაობის ნებართვის მიღებისას არის აუცილებელი.
ამასთან, უკანონო მიგრანტები დეპორტაციას დაექვემდებარებიან.