იტალია ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მძიმედ დაზარალდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო და მანაც მთელი მსოფლიოს მსგავსად, უკანასკნელი 2 წელი სტრესულ პირობებში გაატარა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. წერს merani TV

უახლესი ცნობები ვრცელდება იტალიაში შექმნილი კრიზისული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც გავლენას განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე ახდენს.

უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ყოველი მეოთხე მოზარდიდან ერთს მაინც აღენიშნება კლინიკური დეპრესიის სიმპტომი, ხოლო ხუთიდან ერთს – შფოთვითი აშლილობის ნიშნები.

2021 წლის იანვარში, რომის Bambino Gesù-ს პედიატრიულმა საავადმყოფომ გამოაცხადა 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციის 30%-ანი ზრდა ვირუსის პირველი ტალღის შემდეგ.

იტალიის რეგიონალური ხელისუფლება და მთავრობა მნიშნველოვან ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

არის თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა საკმარისი?

ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ფონდის (The Bridge Foundation) მიერ ჩატარებული უახლესი კვლევების თანახმად, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე არსებულ პერიოდში 68%-ით შემცირდა ჩატარებული კვლევების მაჩვენებელი და 63%-ით გაიზარდა თვითმკვლელობის რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე არსებობდა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხელისშემწყობი სერვისები იტალიაში.

იმავე პერიოდში, ზოგადი მოსახლეობის 95% განიცდიდა შფოთვის, დეპრესიისა და სტრესის სიმპტომებს და იზრდებოდა ისეთი ურეცეპტო წამლების მოხმარება, როგორიცაა ფსიქოტროპული და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

,,ეს არის საგანგაშო მონაცემები, რომელთა იგნორირებაც მთავრობის მხრიდან, დაუშვებელია“ – ნათქვამია ფონდის პრეზიდენტის, როსარია იარდინოს განცხადებაში.

,,ფსიქიკური ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტული უნდა იყოს“ – დასძინა მან.

2021 წელს, მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის სტრესის მართვისა და ტრამვების კვლევის განყოფილების მიერ გამოქვეყნდა მონაცემები, სადაც მითითებულია, რომ 14-დან 19 წლამდე ასაკის 150 ახალგაზრდაზე დაყრდნობით, გამოკითხულთა 69,3% პანდემიას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს; 34,7 პროცენტს უჭირდა ღამით ჩაძინება, ხოლო ყოველი მეხუთე ამბობდა, რომ სუიციდსა და თვითდაზიანებებზე ფიქრობდა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრამ რობერტო სპერანსამ, იტალიურ თოქ-შოუში Mezz’ora in più აღიარა, რომ პრობლემა კვლავ რჩება მწვავე საკითხად.

რას აკეთებს იტალია კრიზისთან საბრძოლველად?

ხუთშაბათს, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა 10 მილიონი ევროს ,,ფსიქოლოგიური ბონუსი“, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ებრძვიან. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება განიხილება პარლამენტშიც და შესაძლებელია მისი კანონშიც შეტანა.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თანხები ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალური ვაუჩერებით 600 ევრომდე ერთ ადამიანზე.

2021 წლის დეკემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონი აპირებს შექმნას პირველადი ჯანდაცვის ფსიქოლოგების ქსელი, რომელთანაც წვდომა ნებისმიერ მსურველს ექნება ლომბარდიის რეგიონიდან. ამის შესახებ ლომბარდიის რეგიონის მრჩეველი ნიკოლო კარეტა იუწყება.

წყარო merani TV