მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 2021 წელს გაცილებით მძიმე პრობლემაა მოსალოდნელი ვიდრე 2020 წელს იყო. ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კომპანიების გაკოტრების პროცესი გაგრძელდეს და ეს ტენდენცია, როგორც საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, განსაკუთრებით გაზაფხულზე გამოჩნდება. ამ მხრივ მთავარ დაბრკოლებად უჩუმბეგაშვილი ლარის კურსს მიიჩნევს.
,,გამოწვევებით სავსე წელი გველის. ლარის კურსმა, დიდი ხანია უკვე, რაც ,,წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ძნელად სავარაუდოა, ბიზნესმა ეს პრობლემა დაძლიოს. არ გამოვრიცხავ, რომ 2021 ტოტალური გაძვირების წელი აღმოჩნდეს. ახლა ძლივს ვაკავებთ ფასებს, ლარის კურსის ადეკვატური ასახვა რომ ხდებოდეს, პროდუქტი ახლაც ისეთი ძვირი უნდა ღირდეს, რომ ერთეულებს შეეძლოთ ყიდვა, მაგრამ აქამდე ეს არ დავუშვით. არ ვიცი, საამისოდ რა ზალა შგვრჩება მომავალ წელს, ფასები კიდევ აიწევს, ხოლო კომპანიების ნაწილი გაკოტრდება, ეს პროცესი გაზაფხულიდან გველის. მარცვლეულზე კატასტროფულად მაღალი ფასებია, ესეც მძიმედ აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე, ასეთ მძიმე სიტუაციაში მთავრობას ბიზნესის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ ჩვენ არანაირი შღავათი არ შეგვეხო. ახლა, პანდემიის მეორე ტალღისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო მომსახურე პერსონალიც ტრანსპორტირებაც ჩვენს ზურგზეა, ხარჯი ამ მიმართულებითაც გაგვეზარდა. რეკომენდაციების დაცვა კი ასევე დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. მეფრინველეობის სფეროს მიმართ არაფერი გაკეთებულა, უმძიმეს პირობებში გვიწევს საქმიანობა”, – ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
მდგომარეობის დამძიმების შესახებ აცხადებენ იმპორტიორებიც. როგორც დავით გოგიჩაიშვილმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტიორმა აღნიშნა, რომ ფასები გლობალურ ბაზრებზე რადიკალურად შეცვლილია და შესაბამისი ზომების მირება ადგილობრივ ბაზარზეც მოუწევთ.
,,გაყინული ხორცის ბიზნესი ფაქტობრივად ჩაკვდა. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები კვების ობიექტები, რესტორნები და სასტუმროები იყვნენ, მათი მხრიდან მოთხოვნა თითქმის 80%-ით შემცირდა. წესით, ფასიც უნდა მცირდებოდეს, მაგრამ ბაზარი წესებს არ ემორჩილება. 1 ტონა ბრაზილიური ხორცი, მინიმუმ, 2000 დოლარია, ადგილზე 1 კგ. ხორცს 10-12 ლარად ვყიდით და მინიმალური მოგებაც არ გვრჩება, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება, კიდევ ერთი რთული და მძიმე წელი გველის”, – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.