დღეს, იტალიის ქალაქ ბარის საემიგრაციო სამსახურში, პირადი საჭიროების გამო მომიხდა მისვლა. წლების უკან, როცა ამ შენობასთან მოვხვდი, არასასიამოვნო განცდა დამეუფლა. აქამდე სტანდარტულ, დაცულ გარემოში ყოფნას მიჩვეულს, ჩემი აღქმისთვის უჩვეულო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკის კარებთან, ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის დგომა. იმ კარებთან მსოფლიოს სხვა და სხვა რასის წარმომადგენელი დგას და წინ, კედლად აღმართულ სამართალდამცავი პირების მითითებებს ელოდებიან. ჩვენ, ემიგრანტები სწორედ იქიდან ვნაწილდებით, როგორც ქარხნული პროდუქტი, რომელიც რაღაც „დეფექტის“ გამო საკუთარ სამშობლოს მოსწყდით. წერს exclusive TV

ლოდინის პროცესში „კვესტურასთან“  ახალგაზრდა წყვილი, ორი მცირეწლოვანი ბავშვით მოვიდა. იქ თითქმის ყველა, თავის რიგსა და ფიქრში ჩაკარგული ადამიანები დგანან, რომ არა ქართული საუბარი, რომელიც ავტომატურად ხვდება ყურს, ყურადღების მიღმა დამრჩებოდა. მამაკაცი,  ტელეფონზე ხმამაღალი რეჟიმის ფუნქციით საუბრობდა და უნებლიეთ, ორ პირს შორის შემდგარი საუბრის მოწმე გავხდი.

„არ ვიცი სად მივიდე, რა ვიკითხო, რა გავაკეთო?“ – ამბობდა მამაკაცი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ხელში ჰყავდა აყვანილი და უმწეო მდგომარეობაში ყოფნა სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი.

ტელეფონზე საუბრის შემდეგ, წყვილთან რამდენიმე ქართველი შეიკრიბა.

გურამი და ელიზა წარმოშობით ქუთაისიდან არიან. იტალიაში ორ მცირეწლოვანთან ერთად ჩამოვიდნენ. როგორც მათი მონათხრობიდან შევიტყვე, თავდაპირველად ისინი მათ ნაცნობს შეუთანხმდნენ, რომელმაც იტალიაში დახმარებას და მეგზურობას დაჰპირდა.

„შეგვპირდა, რომ ბინის და სამსახურის პოვნაში დაგვეხმარებოდა და ამ შეთანხმების იმედით გადავწყვიტეთ იტალიაში წამოსვლა. ბილეთები შევიძინეთ და წამოვედით. როცა იტალიაში ჩამოვედით მიგვატოვა, ბავშვებით ხართ და ვერ დაგეხმარებითო. ასე აღმოვჩნდით ღია ცის ქვეშ“ – გვიყვება გურამი.

როგორც გურამის და ელიზას მონათხრობიდან ირკვევა, ქალაქ ბარის საემიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს.

„ქვესტურაში მოვედით, თავშესაფარი მოვითხოვეთ და პასპორტები აქ დავტოვეთ, თითის ანაბეჭდები აგვიღეს და თავშესაფარში გადაგვიყვანეს, სადაც ცხოვრება ორ მცირეწლოვანთან ერთად წარმოუდგენელია. არც ოთახი გვქონდა და არც არანაირი პირობები. ანტისანიტარიაში ვცხოვრობდით, რის გამოც თავშესაფარი დავტოვეთ და ახლა ღამის გასათევიც კი არ გვაქვს, მაგრამ იქ ყოფნას ყველაფერი ჯობდა“ – აღნიშნა ელიზამ.

წყვილის მდგომარეობით, იქვე, პირად საქმეზე მყოფმა ქართველებმა, რომლებმაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მდგომარეობა გულთან მიიტანა, ფინანსური დახმარება გაუწია, ყველამ მცირედი რჩევა და დახმარება აღუთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს არ შეუძლია სრული პასუხისმგებლობა აიღონ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სოციალური დახმარება სჭირდება.

მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა უძლურები ვართ კანონის წინაშე. ჩვენ მიმღები ქვეყნის კანონებს უნდა დავემორჩილოთ, რომლის შესახებ წარმოდგენა და ცოდნა, ენის ბარიერის გამო დაბალია.

ამ დროისთვის გურამი და ელიზა დროებით, ქართველმა ცოლ-ქმარმა შეიფარა, თუმცა მათ მალე მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის დატოვება.

და ბოლოს, მიმართავ ემიგრანტებს, ვისაც სურვილი გაქვთ და ვისაც როგორ შეგვიძლია, გთხოვთ დახმარება გავუწიოთ თანამემამულეებს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით ბედის და კეთილი ადამიანების ანაბარა იმყოფებიან. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ დაეხმაროთ ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც შვილების უკეთესი მომავლის იმედით ბედს უცხო ქვეყანაში ცდის, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე.

https://www.facebook.com/eliza.gamrekelashvili.1

ავტორი: ხათუნა შარაძე