“არ არსებობს პირობები, რომელსაც ვერ შეეგუები…”

რეალურად ყველაფერი ესკალატორზე შემდგარმა გავაანალიზე, როდესაც უკან შემობრუნებულმა ჩემი საყვარელი ხალხის სახეები დავინახე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

–ვის ტოვებ?
–რას ტოვებ?
–რამდენი ხნით?
–და მთავარი – მზად ხარ?!

ვის ვტოვებ და ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, უნივერსიტეტს. რამდენი ხნით და რამდენიც საჭირო იქნება! ლიკა ალავიძემზად ვარ??? ჰმ, … როგორ არ უნდა ვიყო მზად ამისთვის?!… ერთი ის, რომ გერმანიაში განათლების მიღება პატარაობიდანვე მიზნად მქონდა. მეორე ის, რომ დავტოვებდი ხალხს, რომლებიც აგრესიით იყვნენ დამუხუტულნი, დავტოვებდი ქალაქის ქუჩებს, რომლებიც ყოველდღე მტვრის სამოსით მმოსავდნენ, მოჯაყჯაყე ტრანსპორტებს მოყიყინე მგზავრებით და ა.შ. გული მწყდებოდა მხოლოდ ჩემს ოჯახზე, ახლობლებსა და მეგობრებზე, თუმცა, იმის მოლოდინი, რომ სხვა, უკეთეს, ფერად სამყაროში შევაბიჯებდი, სადაც თავის ახლიდან დამკვიდრება მომიწევდა (რაც ადვილი მეგონა), ამ გულისწყვეტას გამომჟღავნებისა და გამოხატვის საშუალებას დიდად არ აძლევდა.

აი, შევაბიჯე კიდეც ჩემს წარმოსახვით “ფერად” სამყაროში, სადაც ხალხის თავაზიანობა პროფესიაა, მომსახურება და პუნქტუალურობა “perfect” დონეზეა, სადაც წესრიგი უმნიშვნელოვანესია, ხალხი დასაქმებულია და ეს არ ხდება მათი აგრესიული მუხტის ერთ-ერთი მიზეზი, სადაც პოლიტიკური სიმშვიდეა, შენი პირადი შენივეა და არა სხვისი გასაკითხი და სადაც შესაბამისი კომფორტია.

სამშობლოსთან შედარება? რა სისულელეა…
და კიდევ კითხვები: მზად ხარ? მზად იყავი?

არა… ყოველთვის ვარდისფერი სათვალით მომოსიარულეს მის გარეშე გავლა მომიწია…

მატერიალობა და სულიერება … აქ ჩამოსვლის დღიდან ჩემი სულიერების საკვები მწირ დონეზე დავიდა… მას კი ვერანაირი მატერიალური “ბედნიერება” ვერ ავსებს… ვიხსენებ სულ შემდეგ ფრაზას: “კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერები, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ”.
ჩემს ზემოთხსენებულ კითხვას ახლა ვეცდები ვრცლად ვუპასუხო. …

ვერა, ვერ ვადრი აქაურობას ჩემს სამშობლოს, სადაც საყვარელი ხალხი დავტოვე, რომლებსაც ვუყვარვარ და ვადარდებ, სადაც გრძნობები ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს, სადაც აგრესიით გაჟღენთილი ხალხის ახლა მშვენივრად მესმის.ლიკა ალავიძემესმის მათი ამ გაბოროტებული გუნების მიზეზი და მებრალებიან, დახმარების სურვილიც კი გამჩენია…

ქვეყანაში, სადაც ბავშვობა გამიტარებია, აქაური ბავშვების მსგავსად ფუფუნებასა და პრინცესობაში არ მიცხოვრია. მინახავს საჭიროებისათვის აუცილებელი, მოციმციმედ ანთებული სანთელი, მიყნოსია ნავთის სუნი, გავმჭვარტლულვარ მურითა და არ შემზიზღებია. არ მქონია ვარდისფერი და იასამნისფერი ბევრი კაბა შესაფერისი teddy-ებით, თუმცა მაშინდელი გარდერობისთვისაც და ეზოში წარმოსახვითი “კრასკის” ფერებით თამაშისათვის წუნი არ დამიდია. ხშირად მუხლებიც გადამტყავებია და დედას შიშისაგან ისტერიკები არ აუტეხია, იცოდა “ძაღლის კოჭლობის” ამბავი. მინახავს სოფელში, გაგანია ზაფხულში ცხელ თონეში ჩაყუდებული ბებო და ცხელი პურიც, ბებოსავე ამოყვანილი ჭყინტი ყველით მიჭამია, არ მიწუწუნია პურზე შემთხვევით მოხვედრილ ნაცარზე. სადაც მეგობრებისათვის გასაჭირი შემიჩივლია და რჩევები მიმიღია. და ქვეყანა, სადაც ხალხს დაპროგრამებული დღეები გარობოტებულ ტვინში არ აქვთ დაინსტალირებული.

დამოუკიდებლობა, თვითრეალიზაცია, ანალიზი, ადაპტირება, დაგეგმვა, პასუხისმგებლობა და გაორება – ყველაფერი ერთად, რაც ახალმა ცხოვრებამ შესასვლელშივე მომიგდო. პრობლემების უნახავს მათთან შეტაკება მომიწია. ყველაფრისთვის ბრძოლა – სავსე ძალისხმევითა და ნებისყოფით. ვერც ვერაფერს გავხდებოდი, ალბათ, ცხოვრებას ჩემთვის საჭირო და კეთილი ხალხისთვის რომ არ შევეხვედრებინე, რომელთა კეთილ ნებაში, ალბათ, აწ უკვე მიღებული გამოცდილება თამაშობდა როლს. გვერდში დადგნენ ღვთისგან ნაჩუქარი ადამიანები, საპატიო წოდებით – მეგობრები, რომლებიც ერთმანეთისთვის ენერგიის წყაროებს ვქმნით, ვაიმედებთ ერთმანეთს, ვანუგეშებთ, შთავაგონებთ საჭირო ქმედებებსა და ჩაკიდული ხელებით შორ მიზანს – საქართველოში ამაყად (მიზანშესრულებულად), დაბრუნებას ვუყურებთ, რაც არაერთი თანამემამულის ცინიკის საფუძველიც ხდება, – “ისევ იმ გაპარტახებულ, გაუბედურებულ, არაფრისმაქნის საქართველოში დაბრუნება? კარგი რა…”

ბევრი ჩემი მეგობარი ჩემ ადგილას ყოფნას ნატრობს: “ნეტა მანდ ვიყო და…”, უკვე მეღიმება ამგვარ ფრაზებზე, “ყოველთვის კარგი გგონია იქ, სადაც არ ხარ”, გამოცდილებიდან უკვე ვიცი ამგვარი ნატვრების ზედაპირულად ხედვისა და წარმოსახვითობის შესახებ. მახსენდება ჩემი სიტყვები, რომელთა თქმაც ადრე ხშირად მჩვეოდა: “ოქროს კოშკები, ოქროს კოშკები და ბოლოს რჩება ქოხი”. საბოლოო შედეგი ადამიანზეა დამოკიდებული, თუმცა, ოქროს კოშკების შენებაც კი კაი აბდალია…

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, რაც, ალბათ, არაერთ ემიგრანტს აწუხებს, არის ქაოსი თავში, გაურკვევლობა, დაბნეულობა, შიში და გაორებული “მე”.
ერთი “მე” სამშობლოსაკენ მექაჩება, მიქმნის პირობებს, რომ იქაც შეძლებ რამენაირად თავის გატანას, რამის მიღწევას… მამართლებინებს თავს – შენი საყვარელი ხალხი გვერდით გეყოლება, რომლებიც დღემდე დაბრუნებასა და გვერდით ყოფნას გთხოვენ. და მეორე, -საპირისპირო “მე” – ბოლომდე! ეს ყველაფერი დროებითია!

ვცდილობ მოვლენათა დაჩქარებას, მინდა, მომავალში ცხვირის ჩაყოფა, რა იქნება, რა გამოვა, რას გადავწყვეტ… თითქოს ამ გადაწყვეტილებაზე ცხოვრების წარმართვაა დამოკიდებული და შეცდომის დაშვება კი უპატიებელი ნაბიჯი იქნება ამ ცხოვრების.

უსამართლობა იქნება თუ არ შევეხები ჩემი აქ გადმოხვეწის დადებით შედეგებს. პირველ რიგში, ეს არის გამოცდილება. ვისწავლე ბევრი რამ მოკლე დროში და ჩავხედე რეალობას შეუიარაღებელი თვალებით. ეს ყველაფერი კი დამოუკიდებლობას მაჩვევს (მახსენდება ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე, როდესაც განვაცხადე, რომ იმ დღიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, ახლა კი მეღიმება ამაზე…). უშიშრად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რეალიზება და გაანალიზება… დროის ფასი და მართვა.

შემიძლია ახლა თამამად სამეგობრო წრის შეფასება. ასევე, გრძნობის გამოცდა, რომელიც მანძილმა სწორად შემაფასებინა. ვისწავლე ფასი “ხელის ჭუჭყის” და უფრო მეტად დავაფასე მშობლები, რომლებმაც ჩემი გულისათვის ყველაფერი გააკეთეს, რაც სინდისს აიძულებს სწორად შეფასებებს და არ მაძლევს მათთვის იმედის გაცრუების უფლებას…

ჩემს ჩანახატს კი შემდეგი ფრაზით დავასრულებდი:

“არ არსებობს ისეთი პირობები ადამიანი რომ არ შეეგუოს, მით უმეტეს, რომ ხედავს, მის ირგვლივ მყოფნი ასე ცხოვრობენ”.

 

 

(ambioni)

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ