ცისფერთვალება, ქერა კულულებიანი 2 წლის გოგო თურქეთში დაიბადა. მისი მშობლები საქართველოდან წასული ემიგრანტები არიან. მამამ ცოლ-შვილი სტამბოლში დატოვა და ლუპიტას დაბადებიდან დედა, თეონა ბერაძე მის ჩამოყვანაზე ამ დრომდე ოცნებობს. მათ შესახებ „პრაიმტაიმი“ ერთი თვის წინ წერდა.

მათი ისტორიის გახმაურების შემდეგ, თეონა ბერაძეს „პრაიმტაიმის“ მკითხველები გამოეხმაურნენ. ეს ორი ქალბატონი თურქეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები არიან. სანდრა ზოიძე და თეა ონსელი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც მატერიალურ და მორალურ დახმარებას უწევენ მარტოხელა, სასოწარკვეთილ დედას. სანდრა სტამბოლში რესტორან „სანმარის“ მეპატრონეა და ამავე დროს, მეუღლესთან ერთად სამედიცინო დაწესებულებას ხელმძღვანელობს. ლუპიტა არაა პირველი ქართველი, რომელსაც ეხმარება. აქამდე ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თანამემამულეებს ეხმარებოდა… თეა ონსელი ქუთაისიდანაა, ის ერთ-ერთი პოპულარული სილამაზის სალონის მეპატრონე და მოთხოვნადი კოსმეტოლოგია. ხშირად, როცა თეონა ბერაძეს მისი დახმარება სჭირდება, დაუფიქრებლად სალონს კეტავს და კლიენტებს მომსახურებაზე უარს ეუბნება. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა პატარამ ჯერ უნახავი საქართველო ნახოს და მისი უფროსი და-ძმები გაიცნოს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

„პრაიმტაიმი“ სტამბოლში სანდრა ზოიძეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ის ცნობილი ჟურნალისტის ქეთევან ნაკაშიძის შვილია. თავად სანდრამ დედასთან ერთად ბავშვობის ორი წელი ფერისცვალების მონასტერში გაატარა, იქ ცხოვრობდა. ამბობს, რომ მაშინ ვისწავლე სხვებზე უანგაროდ ზრუნვა და მხარდაჭერაო. მას შემდეგ, სანდრას ცხოვრებას ლაიტმოტივად სხვების დახმარება გასდევს. ახლაც იხსენებს, რომ მონასტრული ცხოვრება საუკეთესო პერიოდი იყო. თურქეთში დედასთან ერთად ჩავიდა. მერე იქ დასაქმდა და მომავალი ქმარი გაიცნო. სანდრას მეუღლე ეროვნებით თურქია. თუმცა, უყვარს საქართველო და ქართველები, მათ დასახმარებლად მუდამ მზადააო, ამბობს სანდრა. გული მხოლოდ ერთ რამეზე წყდება – ქმარი რომ ქრისტიანი არ ჰყავს. იმედს არ კარგავს, რომ ისიც მიიღებს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ისინი პატარა მარიას მშობლები არიან, მარია მეტეხის ეკლესიაში მონათლეს…

„ერთ-ერთმა დედაომ მთხოვა, რომ იქნებ ხელი მიგიწვდეს და შეეხმიანო ამ პიროვნებასო. „პრაიმტაიმის“  სტატია გამომიგზავნა. მერე სოციალურ ქსელში გავიზიარე და ვითხოვე, რომ დამხმარებოდნენ ამ გოგონას მოძებნაში. მალევე ვიპოვე. სტატია ბოლომდე არც  წამიკითხავს, საკმაოდ ემოციური იყო, უკვე გაორებულად მეჩვენებოდა ყველაფერი. გადავწყვიტე, რომ  დნმ-ის ანალიზი მე უნდა დამეფინანსებინა და საქართველოში დაბრუნებაში დავხმარებოდი. მერე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაიკითხა ბევრ ადგილას, თუ როგორ შეიძლებოდა გადაგვეყვანა საქართველოში და მათ ეხმარება. ეს ყველაფერი როდესაც მოგვარდება, უკვე გამოვუშვებთ საქართველოში. ამ ისტორიამ ააღელვა მთელი სტამბოლი.

31 წლის სანდრა დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ქალიშვილი, 7 წლის მარიამი. 15 წელია უკვე სტამბულში ცხოვრობს.

„აქ მაქვს საკუთარი რესტორანი „სანმარი“, რომელიც  გამომდინარეობს სანდრასგან და მარიასგან. ამჟამად ის გაქირავებული მაქვს. ასევე, ვმუშაობ თურქეთში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. მე მაქვს საშუალება, ქართველებისთვის დავწიო ფასები, რათა გაუმარტივდეთ მკურნალობა და მათ უცხოელებისტვის განკუთვნილი ტარიფების გადახდა არ მოუწიოთ. პროფესიით კი, უცხო ენების სპეციალისტი ვარ. აქ უცნაურად მოვხვდი. დედაჩემი ჟურნალისტია, რომელიც წერდა წიგნს. ერთ-ერთი ტომი ეხებოდა თურქეთში მცხოვრებ ძველ ქართველებს. იმ პერიოდში საჭირო იყო, რომ სამი თვით მეც აქ ვყოფილიყავი. მალევე  ერთ-ერთ ირანულ ფირმაში დავიწყე მუშაობა და როდესაც დავინახე, რომ  ჩემი საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა, აღარ დავბრუნებულვარ უკან. შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემის წიგნს მოჰყვა ჩემი სტამბულში ცხოვრება და ემიგრაცია. დედას ათტომეული წიგნი აქვს დაწერილი. თავის დროზე სამი გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო. წარმოშობით ბათუმიდან ვარ, თუმცა თბილისში ვცხოვრობდით. ამის შემდეგ იყო ძალიან სუფთა ცხოვრების ორი წელი. ეს პერიოდი მე და დედა ფერისცვალების მონასტერში ვცხოვრობდით. მაშინ 7 წლის ვიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან, მართლა სამოთხე იყო მონასტერში გატარებული დრო. მასწავლიდნენ, როგორ დაგვემზადებინა სანთლები, როგორ გველოცა სხვებზე. მერე სანთლებს ვყიდდით და ძეგვის ბავშვთა სახლს ვეხმარებოდით. ორი წლის შემდეგ, ილია მეორემ გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის არ იყო სასურველი მონასტერში ცხოვრება და კურთხევა მოგვცა, გადავსულიყავი ერთ-ერთ უპატრონო ბავშვთა სახლში. ამას დედა არ დათანხმდა და ამის შემდეგ შევუდექით საერო ცხოვრებას.

ჩემი მეუღლე თურქია. სწორედ ამის ამო ვამბობ ხოლმე, რომ აღარ ვარ ღირსი, მონასტერში ფეხი შევდგა, თუმცა თავად პიროვნება არის ძალიან კარგი და ერთადერთი, რაც ხელს არ გვიწყობს, ისევ და ისევ სარწმუნოებაა. შვილს რაც შეეხება, მადლობა უფალს, იგი ქრისტიანია, მეტეხის ტაძარში მოვნათლეთ. ალბათ, ჩემი მეუღლეც დაადგება ნათელ გზას. არანაირი დაძალება, ეს მისი სურვილი უნდა იყოს. შემიყვარდა, როგორ გითხრათ. ძალიან რთულია, როდესაც სხვა სარწმუნოების ხარ, რაღაც გულის ტკივილი მაინც გაქვს, მაგრამ ამავე დროს, იცი, რომ ის შენი ბედია. მას ძალიან უყვარს საქართველო. ყოველთვის მეხმარება, ბევრი ქართველი პაციენტი ოჯახშიც მიმიყვანია, რომ ზედმეტი ხარჯები არ გაეღოთ. ამის საშუალებას მე ეს პიროვნება მაძლევს და ამ ყველაფრის მონაწილე თავადაცაა.

„პრაიმტაიმის“ მეორე გმირის, რომელმაც სასოწარკვეთილ დედას და უჩინარ მოქალაქეს დახმარების ხელი გაუწოდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეა ონსელია. უკვე 13 წელია რაც თურქეთში ცხოვრობს. მისი მეუღლე თურქია, ჰყავს 11 წლის ქალიშვილი, მარია. სწორედ მის გამო აუჩუყდა გული მისთვის უცნობი, პატარა ლუპიტას შესახებ. ამბობს, რომ მეც დედა ვარ და მსგავსი პრობლემის წინაშე შესაძლოა, ოდესმე მეც დავდგე და როგორც ქალი ქალს ისე ვეხმარები თეონა ბერაძესო.

„პატარა ქართველი გოგონას შესახებ „პრაიმტაიმიდან“ გავიგე. მეგობარს ჰქონდა სოციალურ ქსელში სტატია გაზიარებული. როცა წავიკითხე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ მათთვის არაფერი დამეშურებინა და დავხმარებოდი. ჩემი პრობლემა ძირითადად დროის დეფიციტია, მაგრამ როცა თეონა ბერაძეს საქმეებზე დავყვები, არ ვდარდობ, დაკეტილ სამსახურზე და უარით გაბრუნებულ კლიენტებზე. მეც დედა ვარ და ვიცი, რას გრძნობს მარტოდ დარჩენილი ქალი. ყველა სხვა სენტიმენტს რომ თავი დავანებოთ ის ჩემი ქართველია და რა თქმა უნდა, მის გვერდით ვარ. ჩვენ თუ არ დავუდექით გვერდით ერთმანეთს, აქ უპატრონოდ ვართ. საკონსულოში თეონას თავად დავყვები. გაოცებული ვარ მათი გულგრილობით. კანონი რომ არ ავალდებულებდეთ მათ დახმარებას, მორალი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ? შევპირდი, რომ საჯაროდ ვისაუბრებდი მათ უმოქმედობაზე. გუშინ დიდი სიხარულით მივიტანეთ საკონსულოში დნმ-ის ანალიზით დადასტურებული მშობლობის ცნობა და უკან გამოგვაბრუნეს. რისთვის არიან და ვის ეხმარებიან მე არ ვიცი. თურქული ინსტიტუციები გვეუბნებიან, რომ ამ საბუთის გაცემა მხოლოდ თქვენს საკონსულოს შეუძლიაო. ამხელა საბუთი გვიკავია ხელში და როგორ ვერ ახერხებს საქართველოს საკონსულო იმდენს, რომ ამ ბავშვის საქართველოში გადაყვანა მოხდეს.  მე ამ ქალს არ მივატოვებ, ის ჩემი ქვეყნის მოქალაქეა. ერთი დაგანახათ ბავშვი რა დღეშია. მეც დედა ვარ და მეწვის გული. მივანებე თავი ყველაფერს, დროებით დავხურე ჩემი სამუშაო ადგილი, გულით მინდა ბავშვს დოკუმენტი გავუკეთო. 11 წლის შვილი მყავს და ხომ შეიძლება ჩემი შვილიც მასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მარტო ეს გოგო ვერაფერს ვერ გააკეთებს, უნდა დავუდგეთ გვერდით. მასზე როგორც ქალს გული ძალიან მწყდება.

თურქეთში 13 წლის წინ ჩამოვედი, ქუთაისიდან ვარ. აღარც დედა მყავს ცოცხალი და აღარც მამა. თურქეთში დღემდე თუ რამეს მივაღწიე, ყველაფერს მარტომ. ჩემი სილამაზის სალონი მაქვს, კოსმეტოლოგი ვარ. ადგილობრივები როგორც ქართველ თეას ასე მიცნობენ და ყველგან დიდი პატივისცემით ვსარგებლობ. ხალხმა მიმიღო და შემიყვარა. არ ვარ მდიდარი, მაგრამ ჩემი ქართველებისთვის ყველაფრის გაკეთება მინდა. თეონას ვუთხარი აგიღებ ბილეთს, ჯიბეში ჩაგიდებ ფულს და გაგიშვებ საქართველოში-მეთქი. იქაც რომ წავა, თუ რამე დასჭირდება, როგორც შემეძლება ისე დავეხმარები.

საქართველოში შვილთან ერთად ყოველ წელს ჩამოვდივარ, იცის ქართული და ამბობს, ყველაზე მეტად გაღიმებული ქართველები მიყვარსო. გაოცებულია, გაჭირვებული ქართველები ღიმილით გვეგებებიან და საოცარი მასპინძლები არიანო. მის სახელზე მინდა ბევრი სიკეთის გაკეთება, ყოველ შემთვევაში, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, არაფერს დავიშურებ“ – ამბობს თეა ონსელი.

ავტორები: თამარ ბუჩუკური; თეონა ყაჭიური

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ