თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

“ქართული კვირა” იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თეონა ჭანტურიას დაუკავშირდა. მიუხედავად მძიმე ყოველდღიური რუტინისა, თეონა ახერხებს, დრო მცირე ჩანახატების წერას დაუთმოს – თვლის, რომ ასე უკეთ აზიარებს საკუთარ სათქმელს და თავსაც შედარებით კარგად გრძნობს. წერა მისთვის საშუალებაა, მძიმე ყოველდღიურობას ცოტა ხნით მაინც დააღწიოს თავი. “გთხოვთ, თუ შეგიძლიათ პომერიჯომდე (შესვენება იტალ.) დამელოდოთ, დროს ვერ ვნახულობ ნორმალურად რომ გიპასუხოთ” – გვწერს თხოვნაზე პასუხად და საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს:

“ჩემთვის ერთი ჩანახატის გაკეთება რაღაცნაირი რეფლექსია, რამდენიმე მოდუნებული წუთია და თუ ვინმეს წაკითხვისას იგივე გრძნობა დაეუფლება, მიხარია.

loading...

ორი თვით ადრე ვიცოდი, რომ ემიგრანტი გავხდებოდი, ორი თვით ადრე დავჯავშნე თვითმფრინავის ბილეთი, სასტუმრო და ყველაფერი. ორი თვის განმავლობაში ფსიქოლოგიურად რთულად გადავიტანე, საკმაოდ ფუმფულა გოგო საკმაოდ მოკლებული ჩამოვედი იტალიაში.

ღამით ჩემს გოგონას ძალიან მაგრად ვეკვროდი საწოლში, მისი სითბო დიდხანს გამყვება-მეთქი,ბიჭი არ მაფერებინებდა ხოლმე თავს და ბოლოს გაიყურსებოდა ხოლმე, ფერებას რომ დავუწყებდი. ერთხელ ინტერნეტში ვნახე, ემიგრაციაში მყოფი დედა როგორ ტიროდა, მოულოდნელად შვილმა რომ ჩააკითხა. გული მომეწურა, მეც ვტიროდი და ჩემი გოგოც…

Teona Chanturia-ს ფოტო.
Teona Chanturia-ს ფოტო

მას მერე და დღესაც, დედაშვილობას რაც ეხება, ვერც ფილმს ვუყურებ, ვერც კლიპს, ვერც ლექსს ვწერ და ვკითხულობ, ტვინი გამორთული მაქვს, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ, გული ბუბუნებს ყრუდ და მეშინია, ვხალისობ გულს ზემოთ, ის სითბო, რაც შვილებზე უნდა დამეხარჯა, დედას უნდა მოვფერებოდი, აქ იტალიელ ბებიას ვეფერები, მის ქალიშვილებს ვეფერები და ისინიც ბედნიერად იღიმიან.

მართალია, ბევრს ვერაფერს ვაგებინებ, მაგრამ ყველაზე დიდი სალაპარაკო ენა სიყვარულის ენაა,ზოგს გაეცინება, რამ შეგაყვარა ეგენი, მაგათი მონა ხარო… არა, ჩემო კარგებო, მე ყველანაირ საქმეს სიყვარულით ვიწყებ, იქ სითბო დამხვდეს, მთავარია.

კარში გამოსვლისას ჩემმა დედიკომ ტირილი დააპირა, წინასწარ გავაფრთხილე ტირილით არ გამიშვა-მეთქი, ჩუმად ტიროდა, მაგრამ გულში ისე მაგრად ჩამიკრა, ტკივილიც კი ვიგრძენი, გამეღიმა ბედნიერს,თუმცა უმწეოს და უსუსურს.

რა მელოდა, არავინ იცოდა, გარდა ღმერთისა…

თვალებიდან არ ამომდის აეროპორტში საყვარელი ადამიანების ცრემლიანი სახეები, რომლებიც სახლიდან მაცილებდნენ, მერე იქ თანამშრომლების ჯარი, სიურპრიზი რომ მომიწყვეს, სიხარულის გამოხატვა მიჭირდა, გული ისევ ბუბუნებდა და მე ენა მებმოდა.

ღმერთო, რამდენი დედაა ჩემს დღეში, რამდენი ცრემლიანი თვალებით დადის უცხო ქვეყნის ქუჩებში, თუ ვინმე სევდიანი სახითაა, თქმა არ უნდა, ქართველია…რადგან იტალიელებს საქმე საათივით აქვთ აწყობილი, რა აქვთ მოსაწყენი, რა ჭამონ და როგორ დაისვენონ ,მხოლოდ იმაზე ფიქრში ხარჯავენ დროს.

მე ვზივარ ტახტზე, აქ დილის შვიდი საათია და ველოდები, როდის გაიღვიძებს ჩემი ბებო, ნეტა რას შვრებიან ახლა ჩემი შვილები, მომეძალება ფიქრი და ცრემლებს არ ვუშვებ მის ნებაზე, რომ გული არ გამისკდეს, მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, სახლში გავიღვიძო და ჩემს ოჯახის წევრებს მოვეფერო!”

თეონა ჭანტურია

წყარო :  kartuli.kvira.ge

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ