თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ბავშვების დახმარების იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ესპანეთის ქალაქ კორდობადან, იქაური ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი ქალი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ამ შემთხვევამ, თელაველ ია ჭიკაძეს უდიდესი ბიძგი მისცა და მოსაზრება, საქართველოში ავადმყოფი ბავშვების დახმარების შესახებ, მეგობრებს გაუზიარა.

„ქალბატონს მართლაც ძალიან სჭირდებოდა თანადგომა. ყველა გავერთიანდით და ის შვილებთან დავაბრუნეთ. ამ ერთიანობამ მაჩვენა,რომ ერთად ყოფნით, ყველაფერს შევძლებთ და ჩვენი საკუთარი ფინანსებით, საქართველოში ავადმყოფი ბავშვების დახმარების იდეა დამებადა. აზრი ჩემს ორ მეგობარს გავუზიარე, რომლებიც მაშინვე დამეთანხმნენ”- ყვება „პრაიმტაიმთან“ ქართველი ემიგრანტი.

ერთად ვისწავლოთ იტალიური ენა – “ხილი” სავარჯიშო №2

loading...

 

ია ჭიკაძე სამი წელია, ესპანეთის ქალაქ კორდობაში ცხოვრობს. ემიგრანტი გოგონა ყვება, რომ ქალაქში ბევრი ქართველია, რომლებიც ცხოვრების სირთულეებს ერთმანეთის თანადგომით უმკლავდებიან და ბავშვების დახმარების იდეასაც, თითქმის ყველა დაეთანხმა.

„ამ ქალაქში ბევრი ქართველია. თანდათანობით, ეს წამოწყება ყველას გავუზიარეთ და თანამოაზრეებიც მაშინვე გამოგვიჩნდნენ. ნელ-ნელა ბევრი ადამიანი ჩაერთო. ბავშვების დახმარების სურვილი გამოთქვეს ჩემმა მეგობრებმა ისრაელიდან და საბერძნეთიდან. ასე რომ უკვე ბევრი ვართ”- ამბობს ია.

თელაველი გოგონას ძალისხმევით, ქართველი ემიგრანტების დიდმა ჯგუფმა, საკუთარი სახსრებით, უკვე რამდენიმე ავადმყოფ ბავშვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა და ასეთი ბავშვენის აღმოჩენა-შესწავლის პროცესი ყოველდღიურად გრძელდება.

„იმაზე უკეთესს, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მთავარ წევრებს, ბავშვებს დავეხმაროთ, რას გავაკეთებთ. ვის და რამდენით დავეხმარეთ, კონფიდენციალურია, მაგრამ ბედნიერებაა, იმის განცდა, რომ ერთ ბავშვს მაინც გაუადვილებ ცხოვრებას”- გვიყვება ემიგრანტი.

ბავშვების დახმარების ჯგუფის გარდა, ია ჭიკაძე ესპანეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებთანაც მუშაობს და მათ ქართულად წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლის.

„ვინც აქ დაიბადა ქართულად საუბარიც უჭირს. ამიტომ მშობლებს, მათი შვილებისათვის ქართულის გაკვეთილები უსასყიდლოდ შევთავაზე. სადაც არ უნდა იყო, მშობლიურ ფესვებს არ უნდა მოწყდე”- ამბობს ია.

ემიგრანტი გოგონა, პროფესიით სამართალმცოდნეა, ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს, ამჟამად ფრანგული ენის შესწავლითაა დაკავებული და სურვილი აქვს განათლება პროფესიული კუთხით, ესპანეთშიც მიიღოს.

„სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, სამშობლოში უნდა დავბრუნდე. ჩემი ქალაქი, მშობლები, ჩემი ხელნაკეთი ნივთები და ჩემი ეზოს ყვავილები მელოდებიან”- გვეუბნება ია და იმედი აქვს, რომ ბავშვების დახმარებას და მათი სიცოცხლის გადარჩენისათვის ზრუნვას, საქართველოშიც წარმატებით შეძლებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

წყარო pt.ge

 

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ