თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

რა ხდება იტალიურ სკოლაში? – იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება და სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ

სტატია წავიკითხე, რომელშიც გერმანიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მომუშავე ქართველი ჰყვება იქაური განათლების სისტემის შესახებ. ჩამოვუყევი კომენტარებს და ისეთი ამბავი ხდება, ისე ჰყავთ “აღზრდილ-განათლებულ” ქართველებს მიწასთან გასწორებული ის გოგოც და განსაკუთრებით გერმანიის განათლების სისტემა, სურვილი გამიჩნდა იტალიურ სკოლაზე დამეწერა.

loading...

პრობლემის მოგვარება, პრობლემის აღიარებით იწყება. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არის ცუდი და სკოლებში ხდება კატასტროფა. საიდანღაც მაინც უნდა დავიწყოთ ვითარების გამოსწორება, თორემ ისევ ისეთი არასწორი აზროვნების თაობას გავზრდით, რა ხალხიც
ზემოთნახსენები სტატიის კომენტარებში ვნახე.

ჩემი შვილი, იტალიის ერთ-ერთი სკოლის მაღალ (სრული საშუალო) კლასში სწავლობს და მშობლის პოზიციიდან გეტყვით, რა ხდება იტალიურ სკოლაში …

სწავლა იწყება 8 საათზე და დღეში აქვთ 4/5/6 გაკვეთილი, იმის მიხედვით, სწავლობენ თუ არა შაბათს. ამას კი, წლის დასაწყისში, მოსწავლე თავად ირჩევს. – სკოლა არის 13-წლიანი. 5 წელი – დაწყებითები, 3 წელი – არასრული საშუალო (სავალდებულო), 5 წელი – სრული საშუალო (არასავალდებულო და პროფილური).

როგორც კი დაირეკება ზარი, სკოლის კარი იკეტება და იქიდან ბავშვი სწავლის პროცესის დამთავრებამდე, ნაბიჯს ვერ გადადგამს გარეთ, თუ მშობელმა არ მიაკითხა ადრე წასაყვანად. – ბავშვი, სკოლიდან დროზე ადრე შეუძლიათ წაიყვანონ მხოლოდ მშობლებმა, ან სრულწლოვანმა გარეშე პირმა, თუ მას აქვს მშობლის წერილობითი მინდობილობა. მინდობილობასთან ერთად, მიმღებში ამ პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

სკოლას აქვს საკუთარი აპლიკაცია, სადაც ავტომატურ რეჟიმში და რეალურ დროში მომდის ინფორმაცია ჩემს შვილზე, თუ რა გაკვეთილები აქვს იმ დღეს, მომდის შეტყობინება 5-წუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც კი, საუბარი აღარ მაქვს გაცდენაზე. ამავე აპლიკაციით ჩემს შვილზე ადრე ვიგებ, რა ნიშანი მიიღო ამა თუ იმ საგანში. იგივე აპლიკაციით შემიძლია შეხვედრა დავნიშნო ნებისმიერ მასწავლებელთან.

თითო მასწავლებელს გამოყოფილი აქვს კვირაში ერთი დღე მშობლებთან შესახვედრად და ამისთვის იყენებენ ე.წ. ფანჯარას. ამასთანავე, კლასის დამრიგებელი, მუდმივად კონტაქტზეა მშობლებთანაც და ბავშვებთანაც. უცხოელი ბავშვებისთვის არის იტალიური ენის შემსწავლელი უფასო კურსები.
სკოლა ორგანიზებას უკეთებს ასევე უფასო მოსამზადებელ კურსებს ბავშვებისთვის, რომლებიც იმ სემესტრში რაიმე კონკრეტულ საგანში ჩამორჩნენ.
თუ ვინმეს საშემოდგომო გამოყვა და ეს, არც თუ ისე იშვიათად ხდება, რადგან სწავლა მართლა რთულია და თან მასწავლებლები ნიშანს არავის ჩუქნიან, ასევე სკოლა ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეს ის საგანი დააძლევინოს და საშემოდგომოს გამოცდისთვის ამზადებს.

კლასს ჰყავს ორი წარმომადგენელი (თანაკლასელი), რომლებსაც თავად ბავშვები ირჩევენ და რომლებიც რაიმე პრობლემის ან ინიციატივის შემთხვევაში, მთელი კლასის აზრს წარადგენს დამრიგებელთან, დირექტორთან და ა.შ.
ასევე მშობლები ვირჩევთ ორ წარმომადგენელს. გვაქვს საერთო ჩათი, სადაც განვიხილავთ პრობლემებს ან ერთმანეთს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ვინმეს რაიმე არ გამორჩეს. ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი ხმაა სკოლაში.
სკოლა, ყოველ წელს, ირჩევს ორ მოსწავლეს, რომელიც დირექციასთან ერთად არიან წარმომადგენლები ქალაქის კომუნაში, განათლების სამინისტროში და ა.შ.
სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის უფასო მომსახურება მოსწავლისთვისაც და მშობლებისთვისაც. ფსიქოლოგთან შეხვედრაც აპლიკაციის საშუალებით ან პირადად შეგიძლია დანიშნო.
მოსწავლეებს აქვთ დღიური, დაახლოებით ისეთი, კომუნისტების დროს რომ იყო, რომელშიც ჩაკრულია მოსწავლის ფოტო და არის მშობლის ხელმოწერა. დღიურში სხვა ინფორმაციასთან ერთად, იწერება ნებისმიერ გაცდენაზე ან დაგვიანებაზე დასტური მშობლის ხელმოწერით.

რელიგია არის არჩევითი საგანი.
წელიწადში ერთხელ, სკოლა (და არა მშობლები) ორგანიზებას უკეთებს ექსკურსიას, რომელსაც მიყვება ორი მასწავლებელი და არცერთი მშობელი. დამამთავრებელი კლასები ექსკურსიაზე ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში მიჰყავთ 3/4 დღით.
ორგანიზება უკეთდება ასევე თეატრებში სპექტაკლებზე დასწრებას. ერთ-ერთი სპექტაკლი იყო ინგლისურ ენაზე, ბავშვებში უცხო ენის ცოდნის გამყარების მიზნით.
პერიოდულად ტარდება ოლიმპიადები სხვადასხვა საგნებში და სკოლა მსურველებს თავად ამზადებს ოლიმპიადისთვის.
სპორტის გაკვეთილი ყოველთვის სკოლის დარბაზში არ ტარდება. მასწავლებელს ბავშვები სპორტულ ცენტრში ან ყინულზე სასრიალოდ მიჰყავს.
თუ მოხდა ისე, რომ გაკვეთილი ცდება და ეს ძალიან იშვიათად ხდება, ბავშვებს კლასში მარტო არ ტოვებენ და შედის ასისტენტი, რიგ შემთხვევაში, აყურებინებენ შემეცნებით/დოკუმენტურ ფილმს.
წელიწადში ერთხელ სკოლაში ტარდება რამდენიმედღიანი ფორუმი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი თავი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში იქნება ეს სპორტი, ხელოვნება თუ შემეცნებითი აქტივობები.

სკოლაში პერიოდულად ტარდება შემეცნებითი გაკვეთილები ბულინგის, დისკრიმინაციისა და სხვა პრობლემური თემების შესახებ. ამისთვის სკოლაში სპეციალურად მიდიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თუ დამრიგებელი ხედავს, რომ ბავშვებს შორის არის დაძაბულობა, იწყებს პრობლემის გარკვევას და ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას. ბავშვების პირდაპირი დაკითხვის გარეშე, რა თქმა უნდა.
და ეს, ყველაფერი არ არის…

თანაც მე მაღალ კლასებზე მქონდა აქცენტი, ანუ 14-18 წლის მოზარდებზე, დაწყებით და არასრულ საშუალო სკოლებში, ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მყარად და თამაშის კონტექსტში ხდება.

პ.ს. ძალიან ხშირად გამიგია, როგორ დასცინიან იტალიაში მცხოვრები ქართველები, იტალიური განათლების სისტემას და როგორ მოიხსენიებენ აქაურებს “დებილებად”. მინდა ხოლმე პასუხი გავცე, მაგრამ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს, სამწუხაროდ. როგორ უნდა ეძახო “დებილები” ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც თავი გადაირჩინე და რომელ ერსაც უამრავ სფეროში წამყვანი სპეციალისტები ჰყავს. ესეც განათლების ნაკლებობის მანიშნებელი მგონია.

პ.პ.ს. მე არ ვამბობ, რომ იტალიის განათლების სისტემა არის იდეალური, მისი დახვეწაც შეიძლება, რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დაწერილსაც მოჰყვება კრიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქმა სჯობს. იქნებ, დავძლიოთ ამპარტავნება, ვეცადოთ, სხვის კარგ მაგალითზე რაღაც მაინც ვისწავლოთ.

 

წყარო kvirispalitra

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ