თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ველი რომის ქუჩების სატელეფონო ჯიხურები, წლების უკან ჩემი არსებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგებდა. დიდ, ქაოსურ და უცხო სამყაროში პატარა ოთკუთხედი სივრცე, სადაც შემეძლო ქართულად მესაუბრა. მრავალციფრიან კოდს წინასწარ
ზეპირად ვიმახსოვრებდი, სამსახურიდან მოპარული რამდენიმე წუთიდან არცერთი წამი ფუჭად რომ არ დამეხარჯა.

დედიკო შენ ხარ?-ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ყველაფერი ამქვეყნიური მავიწყდებოდა.
რამდენი მონატრება, ცრემლი, კოცნა და ართქმული მიმინდვია ამ წითელი ყურმილისათვის. რამდენჯერ მინატრია მის მილს ხმასთან ერთად გავყოლოდი და შვილები გულში ჩამეკრა ძლიერ, ძლიერ ტკივილამდე. ოპერატორის ხმაც, რომელიც მეუბნებოდა:
-თქვენ არასწორად აკრიფეთ კოდი! –

loading...

მშობლიური გახდა. მთავარი ის იყო, რომ ქართული ხმა მესმოდა.
წლების დინებამ ეს ემოციებიც გააუფერულა ჩემში…
საკომუნიკაციო საშუალებების სწრაფ განვითარებას, სატელეფონო ჯიხურების უმოქმედობა მოჰყვა, ამიტომ გაუქმებას ექვემდებარებაო-განაცხადა იტალიის მთავრობამ.
არსებობენ ნივთები, რომელთაც თავიდან მოშორებას მოგონებები არ მანებებენ…სადღაც, გულის სიღრმე მატკინა ცნობამ სატელეფონო ჯიხურების გაუქმების შესახემ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გულგრილადაც ჩაუვლი ხოლმე…

ნაადრევად შემოსულ შემოდგომასთან ერთად, რამოდენიმე დღეა მივიწყებულმა სატელეფონო ჯიხურმა თავი შემახსენა.

დილით გაჩერებაზე ავტობუსს ველოდი. აფრიკელმა ბიჭმა,რომელსაც ხვეულ თმებს ცისარტყელის ფერებში ნაქსოვი ქუდი უფარავდა, წინ ჩამიარა და იქვე მდგომ სატელეფონო ჯიხურში შეაბიჯა.ზურგჩანთა დააგდო და ნელ-ნელა ძირს დაეშვა, ხელებში ჩარგული თავით. შემდეგ ხელი გაიწოდა, ყურმილი ჩამოხსნა და ნომრის აკრეფის გარეშე დაიწყო საუბარი…

-სად მოასწრო ამ დილაუთენია?! – სამწუხაროდ კარგი არაფერი მიფიქრია. მაგრამ ეს რომ მეორე და მესამე დღესაც განმეორდა სული ამიფორიაქა. ნომრის აღების გარეშე საუბრობდა და საუბრობდა. დრო და დრო თავს ზემოთ აწევდა, დიდი შავ თვალებში ცრემლი და ტკივილი ერთმანეთს ეკვროდნენ … ასაკითაც პატარა მეჩვენა … ნეტა ვის ესაუბრება წარმოსახვით? … ვის ანდობს მის თავზე დატეხილ ამბებს …

დროდადრო მარჯვენა ხელს მუშტად აქცევს და გულზე იცემს … ალბათ დედას … დედას უყვება თუ როგორ გაათენა თეთრად მშიერმა, კიდევ ერთი ღამე. როგორ ენატრება დედის თბილი ხელები და მისი გულში ჩაკვრა ტკივილამდე… ტკივილამდე… უყვება თუ როგორ ადვილია ამ უცხო ქალაქში თავი მარტოდმარტო იგრძნო. იმდენად ნელა და დამაჯერებლად საუბრობს, რომ თითოეული სიტყვა ფიქრში ნათევი ღამის ნაყოფია… ყურმილს იმდენად ნელ-ნელა კიდებს, ეტყობა რომ საუბრის დასრულება ენანება. ფეხზე წამომდგარი ყურმილს ისევ იღებს და ისევ ნომრის აკრეფის გარესე იწყებს საუბარს, მხოლოდ ეხლა, თვალებში სხვაგვარი ცელქი სხივი უციმციმებს, იღიმის კიდეც ზოგჯერ … ხელებს მაღლა წევს, აი ისე ვინმეს ძვირფას და მიუწვდომელს რომ ესაუბრები… ალბათ შეყვარებულ გოგონას, მისი ქუდიდან მოპარული, ცისარტყელას ფერებში უხატავს ცხოვრებას, რომ არ შეაშინოს და გული რომ არ ატკინოს… ვინ იცის რა აღსარებას აბარებს ეს სულაფორიაქებული ბიჭი ტელეფონის უტყვ ყურმილს…
ყოველივე ამან, უცხო მიწაზე, ჩემი ცხოვრების პირველი თვეები შემახსენა… სადილს ვამზადებ, ჩემი 93 წლის იტალიელი ბაბუა სამზარეულოში შემოდის ატირებული და მეუბნება:
-საინფორმაციომ გამოაცხადა საქართველოში „ტერემოტო“ მოხდაო!…-

სასწრაფოდ ლექსიკონი ავიღე სიტყვა“ტერემოტოს“ მნიშვნელობა არ ვიცოდი. მაშინ გავიგე თუ როგორ ეყრება ერთმანეთს სული და ხორცი…
-მიწისძვრა!- როდესაც წავიკითხე.
-წადი, წადი გადარეკე ,გაიგე როგორ არიან შვილები ღმერთმა გიშველოსო!- გზაში წამომეწია ბაბუას სიტყვები ისე მოვწყდი ადგილიდან და გავიქეცი სატელეფონო ჯიხურისაკენ, რომელიც ქუჩაში იდგა და მაშინ ჩემთვის სამყაროს წარმოადგენდა.
ტელეფონზე არავინ არ მპასუხობდა … ღმერთო ჩემო, რა სიცარიელე იყო, მეგონა მარტოდმარტო დავრჩი ამ ქვეყნად და არავინ ცოცხალი აღარ მყავდა… ხელები პირზე ავიფარე და კბილებით ხორცს ვიგლეჯდი რომ არ მეღრიალა… ისევ ვცადე, ავკრიფე ნომერი, ვიღაც ქალბატონმა აიღო…
– არა დედა სხვაგან მოხვდი – მითხრა და ტელეფონის გათიშვას აპირებდა.
-არ გამითიშოთ ქალბატონო ტელეფონი, შვილებს გაფიცებთ არ გამითიშოთ მეთქი ” -უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
-რა იყო დედა,რა გიჭირს ასეთი მითხარიო.
მიწისზვრა მომხდარა და თუ არის მსხვერპლი შვილებს ვერ ვუკავშირდები.
-არ არის მსხვერპლი შვილო, არ გცხვენია ცოცხალ შვილებს რომ ტირი? ყველაფერი კარგად არისო – დამამშვიდა ჩემმა უცნობმა ადამიანმა. ათასი მადლობა გადავუხადე. მაგრამ სამწუხაროდ არც სახელი მიკითხავს. აცახცახებული ხელით ავკრიბე, ამიტომ არც ნომერი მახსოვს… თქვენ იქნებ დაგავიწყდათ ერთი „გიჟი ქალი“… მაგრამ მე არასოდეს დაგივიწყებთ… დედასავით რომ დამამშვიდეთ, ჩემო კეთილო ადამიანო… დღესაც, წლების შემდეგაც ჩაგიკრავდით და დაგიკოცნიდით თბილ გულს…
შემდეგ შვილებსაც დავუკავშირდი… უფლის ნებით მშვიდობით იყვნენ… სახლში რომ დავბრუნდი ბაბუა შემომეგება.

-მშვიდობაა!- ემოციებისაგან ისე ვიყავი დაცლილი მხოლოდ ეს შევძელი რომ მეთქვა.
ბაბუა მივიდა მადონას ხატთან… გადაიწერა პირჯვარი… მადლობელი ვარ შვილები ცოცხალი რომ ჰყავსო!
რა მნიშვნელობა აქვს რა ენაზე საუბრობდა ეს მოხუცი, ან როგორ გადაიწერა პირჯვარი… ჩემი ტკივილი გაიზიარა და ჩემმა ტკივილმა აატირა. დღეს, ჩემი ქართველი ბებია-ბაბუას ხსოვნასთან ერთად ჩემი იტალიელი ბაბუას ხსოვნასაც ვატარებ…

ორი დღე და ღამეა კოკისპირულად წვიმს. არც ბიჭი გამოჩენილა სატელეფონო ჯიხურთან… ვაითუ… ან იქნებ გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი, ვინაც მოუსმინა და სული დაუმშვიდა.

ამ დილით სატელეფონო ჯიხურთან მივედი…
ყურმილი ავიღე…
გაუსაძლისი სიჩუმე იდგა…

ლია, რომი 2015 წელი…

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ