დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანი ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მათივე ინფორმაციით, სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტის გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა არაუმეტეს 4 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ. N1;
• ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge

პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადები, ამავე მისამართებზე, მუდმივ რეჟიმში მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242“, – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.