თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ემიგრაციის ან იმიგრაციის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. უკანასკნელ ათწლეულში ქვეყანაში გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელი შეუწყო იმიგრაციული ნაკადების ზრდასაც. თუმცა, ემიგრაციის მასშტაბები ამით მაინც არ შემცირებულა. ქართველი მიგრანტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა შედარებით შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობებს, შრომის ანაზღაურებას, სოციალურ დახმარებასა თუ ცხოვრების ხარისხს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. საქსტატის მიხედვით, ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება.

ევროკავშირის (შენგენის) ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში განახორციელეს. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეული ნაწილი ესპანეთშიც იმყოფება. მიზეზი იგივე – საქართველოში არსებული უმუშევრობა, ხელფასების სიმცირე, შრომის უფლებების დარღვევა და კიდევ რამდენიმეა, რამაც განაპირობა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია უცხო ქვეყანაში.

loading...

რამდენი შობა-ახალი წელია ქართველი ოჯახები სამშობლოს ათასობით კილომეტრის დაშორებული ქვეყნებიდან ულოცავენ. ზოგიერთი ოჯახი უკვე ათეული წელია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ზოგმა კი ბოლო წლების ქართულ “გაჭირვებას” ვერ გაუძლო და იმიტომ წავიდა. საქართველოში დარჩენილებს კი უცხო ქვეყნიდან გვილოცავენ დღესასწაულებს იმ იმედით და სურვილებით, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება და მომავალ წელს სამშობლოში შეხვდებიან. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი გასულ წელს დაფიქსირდა. მათ შორის 57% მამაკაცია.

მსგავსი მიზეზით აღმოჩნდა ქარდავების ოჯახიც ესპანეთში. ბადრი და თამუნა მრავალშვილიანი მშობლები არიან, რომლებმაც საქართველოში არსებული შრომის ანაზღაურებით ვერ მოახერხეს შვილების უზრუნველყოფა. ევროპაში მცხოვრები ქართული ოჯახის სურვილი ისეთ საქართველოში დაბრუნებაა, სადაც იქნება მშვიდობა და ერთიანობა. ისინი ყველა ქართულ ტრადიციულ დღესასწაულს აღნიშნავენ და იგივეს ასწავლიან შვილებსაც. ოჯახის უფროსის თქმით – “ქართველობა მხოლოდ საქართველოში ცხოვრებას არ ნიშნავს. უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, ყველასგან მოშორებით, ყველას მონატრებული ვართ, მაგრამ ჩემი ოჯახი იმ ქართული ერთობის ნაწილია, რომელმაც საქართველოს მრავალი საუკუნე გააძლებინა. ჩემს შვილებს ქართველობა სისხლში აქვთ. მე და თამუნა კი ვახერხებთ, რომ შევძლოთ მათი აღზრდა ჩვენი ტრადიციის მიხედვით. საქართველო იქ არის, სადაც ქართველები ცხოვრობენ და ამ გამოთქმას მე ასე განვმარტავ – საქართველო აქ არის ახლა ჩემთვის, ჩემს ოჯახში და ამ პატარა საქართველოდან დიდ სამშობლოს აქედან გილოცავთ შობა-ახალ წელს” – ბადრი ქარდავა.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ