პარიზში პოლიციამ დააკავა სალვადორში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც მუსლიმებსა და ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტებზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

მარკ-ანტუან ჟ. შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში მიმდინარე წლის 2 ივნისს დააკავეს, 6 ივნისს კი ის „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში“ დაადანაშაულეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. საუბარია ორგანიზაციაზე „ოპერატიული ჯგუფების ბრძოლა“ (Action des forces oprationnelles, AFO), რომელიც ძირითადად საშუალო ასაკისა და მოხუცი ფრანგებისგან შედგება. ორგანიზაციის წევრებს რადიკალი ისლამისტებისგან კოლექტიური დაცვის იდეა აერთიანებთ. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ორგანიზაცია ყოფილმა პოლიციელმა, 65 წლის გი სიბრამ დააფუძნა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ადევნეთ თვალყური აქტუალურ ახალ ამბებს

დაკითხვაზე 52 წლის დიპლომატმა განაცხადა, რომ თავდაპირველად AFO-ს გეგმა ტერაქტების შემდეგ რადიკალურ სამიზნეებად მიჩნეულ ადამიანებზე საპასუხო დარტყმების განხორციელებას ითვალისწინებდა. მისივე თქმით, ორგანიზაციის წევრები ერთად ემზადებოდნენ სროლაში, ფიზიკურ მომზადებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში.

გამოძიების მტკიცებით, 2017 წლის ზაფხულში მარკ-ანტუანი ილ-დე-ფრანსის რეგიონში ორგანიზაციის ფილიალის ხელმძღვანელი გახდა. სალვადორში გამგზავრების მიუხედავად, დიპლომატი ორგანიზაციაში მუშაობას აგრძელებდა. პოლიციის მიერ ამოღებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ მარკ-ანტუანს დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებით სალვადორიდან საფრანგეთში იარაღის პარტიის შეტანა სურდა. მის სახლში აღმოჩენილ ჩამონათვალში თოფი, პისტოლეტები, ტყვიამფრქვევები და ავტომატები ფიგურირებდა.

დიპლომატი, რომელიც სალვადორში საფრანგეთის საელჩოს რანგით მეორე პირი იყო, AFO-ს საქმეზე მე-14 დაკავებული გახდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ