თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც…

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში ზოგჯერ გაუსაძლის პირობებში შრომობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.

loading...

ეს ღია წერილი საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ქალბატონის ლილი მატარაძისგან გზავნილია სამშობლოში. წარმოშობით სოფელ სალხინოდანაა და ემიგრაციაში უკვე 16 წელია იმყოფება.

ეს მისი სიყვარულისა და ცხოვრების ამბავია…

„ემიგრანტობა ყველასთვის ძნელია, განსაკუთრებით ემიგრანტი დედისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, რა ასაკის შვილებს დატოვებ. აქ რომ ჩამოვედი, 51 წლის ვიყავი, ახლა 67-ის ვარ. ათენში ოჯახის დამხმარედ ვმუშაობ. პროფესიით ფარმაცევტი ვარ, 30 წელი ვანის ცენტრალურ საავადმყოფოს აფთიაქში ექიმთა საუკეთესო კოლექტივში ვიმუშავე. უმუშევარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ხელფასი, რომელსაც ორ აფთიაქში ვიღებდი, მხოლოდ 100 ლარი იყო და სხვა გზა არ მქონდა… ოჯახში ყველა ჩემი წამოსვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჯიუტი ხასიათის გამო მაინც ჩემი გავიტანე. ახლობლების წინააღმდეგობის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო – ბავშვობიდან გულის სერიოზული დაავადება მქონდა. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე, როგორ უთხრა მამას ექიმმა, რომ მე ვერასდროს გავხდებოდი დედა. მაშინ მედიცინა ასე განვითარებული არ იყო, როგორც ახლა.


საბერძნეთში 11 წელი არაჩვეულებრივ ოჯახში ვმუშაობდი. გულის რთული ოპერაცია ათენში გავიკეთე. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ბერძენმა დებმა ჩემი თავი ქვეყნის საუკეთესო ქირურგს ჩააბარეს. მათ მიპატრონეს და ბოლოს მომიყვანეს ქალი, რომელიც ბებიასაც უვლიდა და მეც მეხმარებოდა. ესენი არიან დები გიორგია და ევი კარანდასები. გაიხარა გიორგია კარანდასმა, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. საბუთები მაქვს, ამიტომ საქართველოში შვებულებით, ერთი ან ორი თვით ყოველ წელს დავდივარ. საბუთებიც იმ კარგმა ოჯახმა გამიკეთა.

ჩემი სიყვარულის ამბავსაც გეტყვით: 16 წლის ასაკში სიყვარული მეწვია, უბედნიერესი ვიყავი, რადგან ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სიგიჟემდე შევუყვარდი, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი. ჩვენ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გავთხოვდი. მამა შეძლებული კაცი იყო და არაფერი გვაკლდა, დღე და ღამე შრომობდა, რათა კარგად ვყოფილიყავით. სულ მოსკოვის და ლენინგრადის კლინიკებში დავყავდი. პირველად სწორედ იქ უთხრეს, რომ საოპერაციო ჯერ არ ვიყავი და ყველაზე რთული წლები მაშინ მექნებოდა, როცა შვილის გაჩენაზე ფიქრს დავიწყებდი. ოჯახის მხრიდან ჩემი გათხოვების წინააღმდეგობის მიზეზიც ეს იყო. მამას ეშინოდა, სიძე ვერ მოუვლის ჩემ შვილსო. მომავალი მეუღლე უჩა მიქელაძე ულამაზესი ბიჭი იყო, გვერდიდან არ მშორდებოდა. ცოლად რომ გავყევი, ამის გამო მამა აღარ მელაპარაკებოდა. ის ჩვენი ქორწინებიდან სამ წელში, 45 წლის ასაკში დარდით და ჩემზე ნაწყენი გარდაიცვალა…

ჩემი მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ რაც იმ ოჯახში ვნახე და ვისწავლე, დაუჯერებელია. ეს იყო უდიდესი სიყვარული, რაც დედმამიშვილებს, ბიძაშვილებს და ოჯახის წევრებს შორის მეფობდა. უჩა ხელოვანი კაცი იყო, ვანის სახალხო თეატრის მსახიობი და საესტრადო ანსამბლის მომღერალი, ბოლო 30 წელი ეთნოგრაფიულ ანსამბლში მღეროდა. გასულ წელს ორი ყველაზე ახლობელი ადამიანი – მეუღლე და დედა დავკარგე. მე და უჩა მის გარდაცვალებამდე მთელი თვე ერთად ვიყავით. ის სიკვდილზე არ საუბრობდა, მხოლოდ ერთხელ მითხრა, წავალ და თან წავიღებ შენ სიყვარულს, მიყვარდი, ძალიან მიყვარდიო…

ცხოვრება გრძელდება და მეც ვალდებული ვარ ვიცოცხლო, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც ფასეული ვარ. ჩემი შვილები დღეს პრესტიჟულ სამსახურში არიან და სულ მთხოვენ საქართველოში დავბრუნდე. მე ვეუბნები, ცოტაც მაცადეთ და დავბრუნდები–მეთქი. დავბრუნდები და მერე ბედნიერად ვიცხოვრებ იმ ჩემს ბუდეში… ჩვენი სოფელი, სალხინო, ვანიდან ორ კილომეტრშია, სახლიდან 100 მეტრში ჩანჩქერია, სახლის უკან მდინარე სულორი ჩამოდის. ლამაზი და მყუდროა ჩემი სავანე.

ახლა როცა ვუფიქრდები, ალბათ ჩემი ცხოვრებიდან ელადაში გატარებულ წლებს ამოვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ წამოსვლით, პირველ რიგში, საკუთარი თავი გადავირჩინე ფსიქოლოგიურად. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ უჩას შევიყვარებდი. სიყვარული სიცოცხლეა და მანამდე ცოცხლობს, სანამ მას კვებავ და ასაზრდოებ…

Read more: sputnik georgia

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ