თუ გსურთ სიახლეები მიიღოთ ავტომატურ რეჯიმში მოიწონეთ ჩვენი გვერდი

რუბრიკაში “ქართველები უცხოეთში“ ერთი ემიგრანტი ქალის წერილს გაგაცნობთ, რომელშიც მისი ცხოვრების რეალურ ამბავს საოცრად გულახდილად მოგვითხრობს.

თეა ჯობაძე უცხოეთში მცხოვრები ქართველია. მის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც პირადი ცხოვრების საკმაოდ თამამი და გულწრფელი აღსარებაა, ბევრ საინტერესო ადამიანურ აღმოჩენასა და ნიუანსს შეიცავს. ავტორის ნებართვით მისი წერილი თემატურად დავყავით. ეს გზავნილი იმითაცაა საინტერესო, რომ მისი ავტორის მიერ ემიგრაციაში გადატანილი და განცდილი ამბები, შესაძლოა, უცხოეთში მყოფ ბევრ ქართველ ქალს ეცნოს. ცნობილია, ცხოვრება საუკეთესო მწერალია და თუ ვინმე მის,,ნაკარნახევს“ ასევე საინტერესოდ და შეულამაზებლად გადმოსცემს, მაშინ მისი წაკითხვა უთუოდ ღირს…

თეა ჯობაძე
თეა ჯობაძე
loading...

იტალიაში გაქცევა
შევეცდები, უცხოეთში ჩემი გადაბარგების შესახებ გულწრფელად მოგიყვეთ: ერთ კაცს მეორე კაცთან გავექეცი. 7 წელი მოვანდომე იმის გარკვევას, რომ იმ კაცის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე ვერ გავჩერდებოდი… 2004 წელი ჩემი საქართველოში ყოფნის ბოლო წელი იყო. სოციალურ ფონდში ვმუშაობდი და სენტიმენტალურ ფონზე პრობლემები მქონდა. ინტერნეტში ორი ადამიანი გავიცანი: ერთი გერმანიიდან იყო, მეორე – იტალიიდან. იტალიელთან „საერთო ნაცნობმა“ ენამ, რუსულმა დამაახლოვა. რამდენიმეთვიანი მიმოწერის, სატელეფონო ზარებისა და ფოტოების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ იტალიელი საქართველოში თავად მესტუმრა. მერე იტალიაში გავემგზავრე და ვიდრე ტარჩიომ სახლში არ მიმიყვანა, სადაც ძალიან რელიგიური გარემო დამხვდა, მანამდე ეჭვებში ვიყავი. მოკლედ, დავმშვიდდი… აღმოვჩნდი სამი ძმის აშენებულ დიდ სახლში, სადაც ერთ-ერთი ტარჩიო იყო. ისინი ცხოვრობდნენ იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ემილია-რომანიაში, ბოლონიის ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ზოლა-პრედოზა ჰქვია. პატარა, ძალიან სუფთა და დამთრგუნველად წყნარი ქალაქი იყო. სახლში სამივე ძმას იზოლირებული ბინა ჰქონდა, უფროსი ძმა მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა, ერთად სადილობა და ვახშმობა ტრადიციად ჰქონდათ. შევეცადე, პატივი მეცა და მეც მათ ტრადიციას შევუერთდი, ყოველდღე ჩავდიოდით უფროსი ძმის ბინაში და იქაურ კერძებს ხან მე, ხან მისი ძმები რიგრიგობით ვამზადებდით.

უცხოეთში ცხოვრების პირველი წელი

უცხოეთში ცხოვრების პირველი წელი ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში სიგიჟემდე მენატრებოდა ყველა და ყველაფერი: შვილი, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, ურთიერთობები… საერთოდ, იცი, ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსია, რაც საშუალებას იძლევა დაფიქრდე უცხოელების დადებით თუ უარყოფით თვისებებზე, მაგრამ ასე რომ მოგიყვვე, დილამდე ვერ მოვრჩები, ამიტომ შევეცდები აქცენტები ძირითადზე გავაკეთო. პრობლემა ის არის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვისთვის შეიძლება საყურადღებო და საინტერესო არ იყოს… ტარჩიომ საკუთარ თავზე აიღო საქართველოში დარჩენილი ჩემი ოჯახის ფინანსური დახმარების პრობლემა, და ეს ხდებოდა თვეების განმავლობაში, რასაც ძალიან განვიცდიდი. პირველი სამუშაო, რაც ვიპოვე, ერთი მოხუცი, თითქმის უსინათლო ქალბატონი იყო, ჩვენი ახლობლების დედა-დედამთილი, რომელთანაც კვირაში სამჯერ დავდიოდი. მასთან კომუნიკაცია ძალიან რთული იყო, ისევ ენის არცოდნის გამო, თანაც ვერ ხედავდა. მოკლედ, ლექსიკონი და მისი ჯანი. ეს ქალი ცხოვრობდა პატარა, მოცუცქნულ ბნელ ბინაში. სიჩუმე და ამ ქალის პირადი ტრაგედია (შვილი გარდაცვლილი ჰყავდა) სიცოცხლის ხალისს მიკლავდა. ეს ქალბატონი რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. აი, ასე ვიმუშავე ბებია-ბაბუებთან, ბავშვებთან… და საერთო ჯამში 12 წელი გამოდის, რაც საქართველო დავტოვე. ყველაფერ მშობლიურთან დაშორების პირველი წელი აღმოჩნდა ძალიან მძიმე და დამრთგუნველი, მონატრება ისე “მტკიოდა, როგორც ჭრილობა”. თითქმის ყოველ ღამე დაძინების წინ ლოგინზე აქვითინებული ქართულ სიმღერებს ხმამაღლა ვღიღინებდი, მაშინ, როდესაც არც ერთი სიმღერის ტექსტი ზეპირად არ ვიცი…

ბოლონიის უნივერსიტეტის დეპარტამენტის დირექტორი და ქართული ენის გაკვეთილები

ერთხელაც იტალიაში, ერთ პატარა ქალაქში კაზალეკიოდირენო (ასე გამოითქმის) ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარ-საკონდიტროში დავიწყე მუშაობა, როგორც მომსახურე პერსონალმა. იმავე პერიოდში ბოლონიის ერთ-ერთი სკოლიდანაც დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ბოლონიის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათმცოდნეობის დეპარტამენტის დირექტორს მაურიციო პიისტოზოს ქართულის სწავლა უნდა ძალიან და ხომ არ დაეხმარებიო. იმ კაცს შევხვდი და ვუთხარი, ქართველი კი ვარ, მაგრამ არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ ენას პროფესიონალური თვალსაზრისით სწორად ვფლობ–მეთქი და უარი ვუთხარი. მან კი დამაძალა, წერა-კითხვას ხომ მაინც მასწავლიო და, აი, ამხელა ფიგურას ქართულ წერა-კითხვას ვასწავლიდი. ამის მერე იტალიაში რესტორანიზაციის ერთწლიანი კურსი გავიარე. სწორედ მაგ სერტიფიკატის დამსახურება იყო, რომ ერთ საკონდიტროში მიმიღეს სამუშაოდ, არა და, არც ქართული დიპლომის არაფერი ვიცი და არც აქაური რესტორან-ბარ-საკონდიტროების…

თეა ჯობაძე
თეა ჯობაძე

ბარ-საკონდიტრო — მინიატურული სცენა
თუ გახსოვს, ადრე მსახიობობა მინდოდა, ჰოდა, ამ ბარ-საკონდიტროში მუშაობის დროს ნატვრა ავიხდინე… იტალიაში დიდი ტრადიციაა – დილით სამსახურამდე ყავა ან კაპუჩინო თავის კრუასანთან ერთად უნდა მიირთვა. ამ მიზეზით დილაობით ზღვა ხალხს ვისტუმრებდით ხოლმე. ჩემი ფუნქცია „კომანდების“ მიღება იყო… არ ვაჭარბებ, თუ რამეში ვიყავი დახელოვნებული ამ სფეროში, ზუსტად ეს იყო, უამრავ და სხვადასხვა სახის შეკვეთებს ვიღებდი ერთდროულად და კლიენტები ყოველთვის ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ. ჩემთვის ეს ერთგვარი მინიატურული სცენა გახდა, სადაც ჩემს ერთ-ერთ როლს ვასრულებდი (ჩემ წარმოსახვაში სერიოზულად ვირგებდი სხვადასხვა როლებს) და კლიენტურა ჩვენი მაყურებელი გახლდათ!..

სახლების დალაგების ხიბლი ვარსებობ სამყაროში, რომელიც დროებითია, და იმის განცდა, რომ ამ ხანმოკლე დროსაც ვერანაირი დიდის შექმნაში ვერ ვატარებ, სევდას მგვრის. ვიცი, ეს პატარა ადამიანის ამბიციებია, რადგან მე გრანდიოზულის შექმნის არც გონებრივი, არც ფიზიკური და არც მატერიალური მცირედი პოტენციალიც არ გამაჩნია. სხვა გზა არ მქონდა და დიდი ხნის უკან ჩემ მცირე შესაძლებლობებთან მომიხდა შეგუება…

გაგიკვირდებათ და, უცხოეთში ყველაზე ძალიან სახლების დალაგება, ანუ დამლაგებლად მუშაობა მომწონდა. განსაკუთრებით ისეთი სახლების, სადაც მარტო მე ვიყავი. საოცარი რამეა, ანუ ამ ფორმით საშუალება მქონდა უცნობი ადამიანების ყოველდღიურ ყოფას გავცნობოდი და გამეგო მათი ინტელექტი, გემოვნება, მიდრეკილებები, რელიგიური მიმართულებები და სხვა უამრავი წვრილმანი… თითოოეულ სახლში მხვდებოდა ნივთები, რომლებიც ჩემ მეხსიერებაში ასოცირდებიან იმ სახლის პატრონებთან. თავიდან არა, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ერთგვარ კაიფს ვგრძნობდი ჭუჭყიან სახლს ბოლოს კრიალი რომ გაჰქონდა… ბევრი ვიფიქრე ასე რა მიზიდავდა ამაში და საბოლოოდ მივხვდი: ამ სახლის დალაგებით ჩემს ნაცრისფერ ყოფას ვაკრიალებდი….

იო სონო ჯორჯანა — ქართველი ვარ!

დროთა განმავლობაში ვგრძნობდი, რომ შინაგან ბრძოლას ვაწარმოებდი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი ყოველივე იტალიურს (ცხოვრების წესს, აღქმის ფორმებს) და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი და არასწორიც იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არასდროს შემითავაზებია ჩემი იტალიელი კათოლიკე ქმრისთვის მისი კონცეფციის შეცვლა (ეს პრობლემა ხომ ძალიან მარტივად მოსაგვარებელია შერეული წყვილების შემთხვევაში). იცი, რა მიკვირდა ხოლმე? ღამის იტალიურ ქუჩებზე გავლისას აღმოვაჩინე, რომ არც ერთი საცხოვრებელი სახლიდან სინათლე არ გამოდიოდა. ამის მიზეზი დარაბები იყო. როგორც წესი, ბინდის ჩამოწოლასთან ერთად ოჯახები დარაბებს ხურავდნენ და დასაწყისში, ვიდრე ამას შევეგუებოდი, ისეთი განცდა მქონდა, ბუნიუელის ფილმში “ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ რომ უკაცრიელი ქუჩაა, იქ დავდიოდი. ბარ-საკონდიტროში მუშაობის დროს „ცნობილი” გავხდი, განსაკუთრებით ჩემი პატრიოტული სულისკვეთების გამო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ხშირად მქონია დიდი იმედგაცრუება, რადგან ჩემი წარმომავლობა ბევრი იტალიელისთვის და შემდეგ ასევე ბევრი ფრანგისთვისაც უცნობი იყო. არა და, საქართველოდან რომ ჩამოვედი, ჩვენს უნიკალურობასა და მსოფლიო პოპულარობაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული. სხვადასხვა ახსნა-განმარტებების მიცემის მერე ის უფრო მაცოფებდა, როდესაც ბოლოს მაინც ასე ასკვნიდნენ: ანუ, შენ რუსი ხარ! აი, მერე კი ომს ვიწყებდი!!! ჩემზე ღიმილით ამბობდნენ, თუ გინდა, თეას წონასწორობა დააკარგვინო, მის წარმომავლობას უნდა შეეხო უარყოფითადო!

ცხოვრება ემიგრაციამდე და „ამბოხი“ ქართულ პროვინციაში

თავის დროზე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოში ტრადიციადქცეული უმაღლესი განათლება მიმეღო. სამაგიეროდ ოჯახი შევქმენი და ჩემი გადაწყვეტილება საქართველოს პატარა პროვინციის (სადაც დავიბადე და გავიზარდე) მსოფლმხედველობისთვის ერთგვარი სილის გაწვნა აღმოჩნდა: შემიყვარდა საკუთარ მშობლებზე უფროსი მამაკაცი. დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირის გამო იმ პერიოდში ჩემი რჩეული გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დღევანდელისგან განსხვავებით იმ დროს არ ვფლობდით უკანასკნელი პერიოდის საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური პროგრესის პირმშოს — ინტერნეტს ან მობილურ ტელეფონებს, მაგრამ ამან დაბრკოლება ვერ შეუქმნა ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობას და ამნისტიით გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ციხის პატარა საკანში მასთან ერთად გავატარე ჩემი ცხოვრების ერთი და მნიშვნელოვანი ღამე… ზუსტად ერთი თვის თავზე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ყოფა, ჩვენი დამალული სიყვარულის შესახებ ხმამაღლა განვაცხადეთ.

მეუღლეობასთან ერთად დედობისთვის მზადებაც დავიწყე… ერთწლიანი ინტენსიური, ძალიან რთული და საინტერესო თანაცხოვრების შემდეგ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდა: ქმარი მომიკლეს და მე, 19 წლის ახალგაზრდა ქალმა წონასწორობა საბოლოოდ დავკარგე. დაიწყო ჩემი არსებობის მეორე დეკადა — ყველაზე მძიმე პერიოდი როგორც პირადში, ისე ზოგადად ქვეყანაში. მშობლებმა დედაქალაქში გადასვლისა და უმაღლესი განათლების მიღებისკენ მიბიძგეს. მათი სურვილი ჩემი დეპრესიიდან თავის არიდება იყო. მეც თვეების შვილი ახალგაზრდა მშობლებთან დავტოვე და დედაქალაქში გავემგზავრე. უმძიმეს ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკურ ფონზე პირადი დრამა კიდევ უფრო მტკივნეული გახდა. ჩავაბარე თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე (დაუსწრებელზე). უნივერსიტეტში შესვლა ყველა თვალსაზრისით ცუდ პერიოდში მომიხდა და იქ როგორც შევედი განათლების გარეშე, ისევე გაუნათლებელი გამოვედი, მხოლოდ დიპლომის ფარატინა ქაღალდით ხელში… სამწუხაროდ, ჩემი ზღვარგადაცილებული სენტიმენტალიზმი არ თანხმდება ჩემს ლოგიკასთან და ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც როგორც სამსახურებრივ, ასევე სასიყვარულო საკითხებში შეცდომა ხშირად დავუსვი. იტალიაში საკუთარ თავს გავექეცი. იტალია-საფრანგეთის შემდეგ გერმანიაში შევჩერდი. ვიდრე წინა ორ ქვეყანაში სენტიმენტალურ პრობლემებს ვწყვეტდი, ჩემმა შვილმა გერმანიაში ტურისტული ვიზიტით სტუმრობის დროს ჩამოსულ ქართველ გოგონასთან ერთად ოჯახიც შექმნა. მალე მათ ახალი წევრი შეემატა…

გოგონას ჯორჯინა ჰქვია და ჩემი დედაც, რომელიც ჩემი შვილის აღმზრდელი და გამზრდელია, დიდი ბებიის მისიით მალე ახალგაზრდა ოჯახს შეუერთდა.

თეა ჯობაძე
თეა ჯობაძე

ისევ თავიდან!..

…კვლავ მერამდენედ ვიწყებ თავიდან ნაბიჯების გადადგმას! ეს დაახლოებით თვეების ბავშვის ბუნებრივ მდგომარეობას ჰგავს, ენის ათვისებას რომ იწყებს. დიდი ხანი იქნება, რაც ჩემ ცხოვრებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ველი. სამყარო ისეთი დიდი საშიშროების წინაშე დგას, როგორიც პლანეტის გლობალური დათბობაა, რომ პირად პრობლემებზე წუწუნი ზოგჯერ ზედმეტიც კი მგონია ხოლმე… მოკლე ხანში ვაპირებ ენის საინტეგრაციო კურსებზე სიარულს, დროთა განმავლობაში კი, იმედი მაქვს, კვლავ ვიპოვი გერმანული ოჯახების დამსუფთავებლის ადგილს, ჩემი ისედაც ძალიან მდიდარი წარმოსახვითი პორტრეტების გალერეის შესავსებად…
რას ვეძებდი, რას მივხვდი, რა მინდა…

მამაჩემს სიცოცხლეში ჩემთვის ხშირად უთქვამს, შენ განწყობების ადამიანი ხარო. არა მგონია, ეს დადებითი შეფასება იყოს, მაგრამ რეალობაა. სრულიად უიმედო სიტუაციაში შესაძლოა კონკრეტული მელოდიის მოსმენამ, ან სურნელმა, ან უბრალოდ ლურჯი ცის დანახვამ დიდი ენერგია მომანიჭოს და პოზიტიური განწობა შემიქმნას, ისევე, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, სტაბილურ ყოფით მდგომარეობაში უჰაერობამ შემაწუხოს და მაშინ ჟანგბადის მოსაპოვებლად ყველაფერს ვანადგურებ! ჟანგბადი კი ჩემთვის ახალი ემოციებია, თუნდაც მტკივნეული, მთავარია, რომ შემანჯღრიოს, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ… იმის მიუხედავად, რომ საკუთარ ქვეცნობიერში გამუდმებით ვიქექები, ალბათ ეს ერთგვარი საშუალება უნდა იყოს სიცოცხლის ინდივიდუალურად შეგრძნებისთვის… ვფიქრობ, ბედნიერება, როგორც ასეთი, არც მიძებნია და, რაც ცნობიერება გამაჩნია, მას შემდეგ ვთვლი, რომ ჩვენ არ ვართ იმ განზომილებაში, სადაც ბედნიერება სრულყოფილად შეიძლება შეიგრძნო, თუმცა ყველაფერი შედარებითი და სუბიექტურია. სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც თავი უბედურად ვიგრძენი, დრომ ესეც გამინელა, რადგან დრო შესანიშნავი მკურნალია. ადამიანი ძალიან სუსტი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად, რომ ცხოვრებისგან მიყენებულ ჭრილობებს ვერ გაუძლოს… ერთ დროს უსაფუძვლოდ ამბიციურმა, მივხვდი, რომ ცხოვრებაში თავმდაბალი უნდა იყო – ეს უდიდესი ადამიანური ღირსებაა! ცხოვრების მანძილზე ვინმეს თუ რამის გამო ლოდინმა ხშირად მომიწია, აქედან გამომდინარე, მოთმინების საოცარი უნარი გამოვიმუშავე. ალბათ ადრე რომ გეკითხა, რას ეძებო, როგორც თითოეული ჩვენგანი, მეც დაუფიქრებლად გიპასუხებდი: საკუთარ თავს-თქო… დღეს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი გავლილი ცხოვრება საკუთარი მეს პოვნას მოვანდომე, ან კიდევ, ვინ იცის, იქნებ ჩემთვის ეს ძიების ერთგვარი ფორმაც კი იყო. ამჟამად რისი მოპოვებაც მინდა, ეს შინაგანი წონასწორობაა, რომელიც სულიერი სიმშვიდის საწინდარია…

წყარო: sputnik georgia

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ