თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები მოიწონეთ ჩვენი გვერდი

სოციალურ ქსელში ქართველ ექიმ თამარ ქარელზე ერთ-ერთი “ფეისბუქ მომხმარებელი” პოსტს აქვეყნებს და მას საჯაროდ მადლობა უხდის. სტატუსის ავტორი ჰყვება, რომ თამარ ქარელი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, რომელიც 2008 წლის ომში დაჭრილებს მკურნალობდა, ბოლოს კი თავადაც დაიჭრა და სიკვდილს სასწაულებრივად აჯობა.

“მოსიარულე საოცრება _ თამუნა ექიმი”

loading...

როდესაც ექიმის პროფესია აირჩია, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რომ ადამიანების გადასარჩენად ხშირად მოუწევდა სიკვდილთან ბრძოლა. თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ომში მოუწევდა ადამიანების გადარჩენა.
ის ომში თავისის ნებით არ წასულა, ომი მის ქალაქში თავად მოვიდა.
სასწრაფო დახმარების ექიმმა თამუნა ქარელმა პირველი საბრძოლო ნათლობა ავნევისკენ მიმავალ გზაზე მიიღო. 2008 წლის 7 აგვისტოს ავნევიდან იტყობინებოდნენ, რომ რამდენიმე ქართველი სამხედრო დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდათ.
ავნევისკენ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანა დაბომბვაში მოჰყვა და სხვის საშველად მიმავალი ექიმები ძლივს გადარჩნენ. მათთვის არც ჯავშანჟილეტები დაურიგებიათ და არც „კასკები“.
ასე სამოქალაქოდ გამოწყობილები მივიდნენ ფრონტის ხაზზე. სადაც საშინელი სურათი დახვდათ, დაჭრილები. ერთი, გვარად თაყაძე გარდაცვლილი იყო.
უკან, გორში დაბრუნებაც გაჭირდა, მოწინააღმდეგე ბომბავდა ტერიტორიას. დაჭრილები კი სასწრაფოდ უნდა გაეყვანათ.
_ ერთ-ერთმა სამხედრომ მითხრა, ექიმო არ შეგეშინდეთ ახლა გაუბიცებს გავისვრით და ამ მომენტში უკნდა გაასწროთ აქედანო. მაშინ არც კი ვიცოდი რა იყო გაუბიცები, _ იხსენებს თამუნა ექიმი.
იმავე სამხედრომ ექიმებს დააბარა, გორში რომ ჩახვალთ, ვინმეს უთხარით, ავნევში ტყვია-წამალი გაგვითავდა და იქნება მოგვაწოდონო.
გორის სამხედრო ჰოსპიტალამდე მიმავალი გზა ჯოჯოხეთურად მძიმე გამოდგა. ტრიალ მინდორს რომ მიადგნენ სროლები განახლდა. თამუნა ექიმიც შეშინდა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია.
წლების შემდეგ ამ ჯოჯოხეთს ასე იხსენებს:
„შიშმა ამიტანა სროლის ხმაზე. თავი ოდნავ ჩავღუნე და სახეზე მარჯვენა ხელი ავიფარე, ვითომ თავი მტკიოდა… მძღოლი მიხვდა და შემეკითხა, თამუნა ექიმო, გეშინიათო? იხტიბარი არ გავიტეხე და არა, თავი მტკივა და გამაყუჩებლის დალევა ვერ მოვახერხე მეთქი. სინამდვილეში იცი რას ვფიქრობდი? თუ აგვაფეთქეს , სახე ცოტა მაინც იქნებ გადამირჩეს, რო ჩემებმა მიცნონ მეთქი.. მარტო მაგისი მეშინოდა, უპატრონოდ არ ვყოფილიყავი, თუ მოვკვდებოდი. სიკვდილზე მეტად, უპატრონო მიცვალებულად ყოფნა შემეშინდა“.
როგორც იქნა ჩამოაღწიეს გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მისულებმა ავნევიდან დანაბარები უფროსობას გადასცეს. მათ ექიმებს უთხრეს რომ ამის შესახებ კრინტი არავისთვისთან დაეძრათ.
შემდეგი მორიგეობა 9 აგვისტოს ჰქონდა. გული ცუდს უგრძნობდა. რატომღაც საგანგებოდ გამოიპრანჭა. მიზეზი ასე აუხსნა თანამშრომლებს:
„მგონი ეგეთი გაპრანჭული არასდროს ვყოფილვარ სასწრაფოში ასულს, გოგოებმა კომპლიმენტები მითხრეს და უაზრო ხუმრობით ვუპასუხე _ ლამაზი მიცვალებული მინდა ვიყო თქო. არადა, არ მჩვევია ეგეთი ხუმრობა, მაშინვე ენაზე ვიკბინე“.
ამ ხუმრობიდან რამდენიმე საათში უკვე სხვა ექიმები იბრძოდნენ თამუნა ექიმის სიცოცხლის გადასარჩენად.
გამოძახებიდან დაბრუნებულებმა დიდი ყურადღება არ მიაქციეს ვერტმფრენებს. ომი იყო და ვერტმფრენები არავის უკვირდა. ერთი ვერტმფრენი ძალიან დაბლა ჩამოვიდა და მის კუდზე თამუნა ექიმმა ვარსკვლავი დაინახა. არც კი უფიქრია, რომ ეს მტრის ვერტმფრენი იქნებოდა.
თანამშრომლებსაც კითხა, ჩვენ ვერტმფრენებს ვარსკვლავი რატომ ახატიაო. ვერც ისინი წარმოიდგენდნენ, თუ მათ თავზე რუსული ვერტმფრები დასტრიალებდათ. ივარაუდეს, ეტყობა ძველი ვერტმფრენია და ვარსკვლავი შემორჩაო.
იმ იმედით რომ მათ თავს ქართული ვერტმფრენი დასტრიალებდათ, თამუნა ექიმი სასრწაფო დახმარების შენობაში მშვიდად შევიდა. საორდინატუროში გოგოები საჭმელს ჭამდნენ. გადაღლილმა თამუნამ., თავადაც აიღო საჭმელი. ერთი ლუკმის ჩაკბეჩა მოასწრო და იქაურობა საშინელმა გრუხუნმა გააყრუა.
ვარსკვლავიანმა ვერტმფრენმა გორის სასწრაფო დახმარების შენობა დაბომბა. ეს საშინელება თამუნა ექიმს დღემდე ახსოვს და ალბათ ვერც ვერასდროს დაივიწყებს.
„მონადირული ძეხვის ნაჭერი ჩავკბიჩე და უცებ საშინელი ცხელი ჰაერის ტალღა წამოვიდა. გაისმა გრუხუნი და შავი მტვერი წამოვიდა. მერე მარჯვენა ფერდში არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თავი ვეღარ წამოვწიე, ზედ ნანგრევები მეყარა. ოდნავ შევეცადე გამოძრავებას, ვერ შევძელი, ფეხებისკენ გამექცა თვალი, მეგონა აღარ მქონდა, რომ მივხვდი ფეხები მქონდა, ვიფიქრე _ გადავრჩები“.
ნანგრევებიდან თანამშრომლებმა ამოიყვანეს და უმოკლეს დროში გადაიყვანეს საავადმყოფოში. გზა არ ახსოვს. გონება ჰქონდა დაკარგული. აზრზე საავადმყოფოში მოვიდა.
სადაც თავისი მეგობრები და კოლეგები მერაბ მაისურაძე და კახა ფაცინაშვილი დახვდნენ. თამუნა ექიმი ორივეს შეეხვეწა, მიშველეთო.
ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე დაბომბვა არ შეწყვეტილა. საოპერაციოს ფანჯრები ზრიალებდა, მაგრამ ექიმები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.
ანესთეზიოლოგი ეთერ ჩიხლაძეც საოპერაციო მაგიდაზე მყოფ პაციენტზე იყო გადართული და შვილზე ვერც კი ფიქრობდა. შვილზე რომელიც ომში იყო და მის შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონდა.
ოპერაციის შემდეგ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. აზრზე სამი დღის შემდეგ მოვიდა. სამი დღე კომაში იყო. მომდევნო 5 დღე კიდევ არავინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა თამუნა ექიმი.
ერთი შეხედვით ნაზი თამუნა ძალიან ძლიერი გამოდგა და სიკვდილს აჯობა. ექიმები მას მოსიარულე საოცრებას ეძახდნენ. როდესაც გონზე მოსულს დიაგნოზი ითხრეს, თავადვე გაუკვირდა როგორ გადარჩა.
უმძიმესი ოპერაცია გამიკეთდა. მარჯვენა მხრივი ნეფრექტომია, ჰეპატორაფია, ჰემოპნევმოთორაქსი, მრავლობითი ნამახვრევი ჭრილობა…. ხერხემალი დაზიანებული და ტვინის შერყევა. პირცელად, გონებაზე რომ მოვედი და ეს ყველაფერი ჩამომითვალა რეანიმატოლოგმა, ვკითხე ნამდვილად ცოცხალი ვარ თქო?“
თამუნა ქარელი ერთადერთი სამოქალაქო ექიმი იყო, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიჭრა. ამის მიუხედავად სახელმწიფოს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მხოლოდ ოპერაცია გაუკეთდა უფასოდ და საავადმყოფოში მკურნალობა დაუფინანსეს.
შემდეგ საკუთარი ხარჯებით მკურნალობდა. ბიულეტენზე რომ გასულიყო, ამაზეც დიდი ომის გადატანა დასჭირდა.
ცალი თირკმელით სასწრაფოზე მუშაობა გაუჭირდა და ითხოვა, იქნება სხვაგან გადამიყვანოთო. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ხელფასი მიზერული იყო.
რუსების მიერ დაბომბილი გორის სასწრაფოს შენობა როგორც იქნა აღადგინეს. გახსნაზე მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილი და მარადმწვანე დეპუტატი, პროფესიით ექიმი გიგი წერეთელი ჩავიდნენ.
თამუნამ გადაწყვიტა, მინისტრისთის ეთხოვა დახმარება რომ სასწრაფოზე მუშაობა არ შეეძლო და მისთვის სხვა სამსახური მეიცათ.
კვიტაშვილამდე მიაღწია და როცა საკუთარი თავი წარუდგინა, ერთი შეხედვით სათნო გიგი წერეთელმა ისე ჰკრა ხელი, სიკვდილის ხელიდან გამოგლეჯილი თამუნა ექიმი კინაღამ წააქცია.
მის შესახებ ყველამ იცოდა _ ერთადერთი სამოქალაქო ექიმი იყო, რომელიც ომში დაიჭრა. კვიტაშვილმაც იცნო თამუნა ექიმი, წერეთელი გააჩერა და თამუნას მოუსმინა, თუმცა მხოლოდ მოუსმინა.
თამუნა ექიმი 2011 წელს წამოვიდა სასწრაფოდან. და მალევე მოუწია ემიგრაციაში წასვლა, რათა იქ ემუშავა და ოჯახს დახმარებოდა.
თამუნა ექიმი დღემდე ემიგრაციაშია.
ენატრება თავისი საქმე, სამშობლო, ოჯახი და სძულ;ს აგვისტო. რომელიც მისთვის ომთან ასოცირდება.
სხვა ქვეყანაში მას სათანადოდ დააფასებდნენ. ჩვენთან კი როგორც დააფასეს უკვე მოგიყევით. 
ალბათ წინააღმდეგი არ იქნებით, თუ თქვენი სახელით მადლობას ვეტყვი თამუნა ექიმს და მოვუბოდიშებ კიდეც ემიგრაციისთვის რომ გავიმეტეთ.
თამუნა ქარელი  მადლობა და ბოდიში, რომ ვერ დაგაფასეთ”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სტატუსის საპასუხოდ თამარ ქარელი კომენტარში ფეისბუქმომხმარებელ შორენას მადლობას უხდის.

“უღრმესი მადლობა შორენა შეულამაზებლად, ზუსტად რომ გადმოეცი ჩემი ისტორია . დღევანდელი დღე ჩემთვის გაცილებით მძიმე გასახსენებელია , ვიდრე 9 აგვისტო… უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგებს, რომლებმაც დროულად გამომიყვანეს ნანგრევებიდან. უღრმესი მადლობა გადამრჩენ ექიმებს, რომლებმაც დაბომბვია დროსაც კი არ შეწყვიტეს ჩემი სიცოცხლისათვის ბრძოლა. მე გმირი ექიმების გადარჩენილი ვარ .უღრმესი მადლობა იმ რეანიმობილის ბრიგადას, დაბომბილი ქალაქიდან რომელმაც გამიყვანა უღრმესი მადლობა თბილისის ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალს, რეანიმატოლოგებს, ქირურგებს, მთელ მედ. პერსონალს, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ჩემო კეთილო ხალხო”, – წერს თამუნა ქარელი.

loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ